ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩემთვის არავის მოუცია მანდატი, რომ ყველაზე ძლიერი მტრისთვის არ გამეწია წინააღმდეგობა

8 აგვისტო, 2013 • 1686
სააკაშვილი: ჩემთვის არავის მოუცია მანდატი, რომ ყველაზე ძლიერი მტრისთვის არ გამეწია წინააღმდეგობა

“ამ ომის ცხელი სტადიის ხუთი წლისთავზე მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმ გმირობაზე, რომელიც გამოიჩინეს ამ ბიჭებმა, რომლებიც აქ წვანან. თუ არა ეს გმირობა, ჩვენ არ გვექნებოდა დრო საზოგადოების მობილიზაციისთვის და მსოფლიო დიპლომატიური ძალისხმევის გამოღვიძებისთვის და ამან, საბოლოო ჯამში, ქართული სახელმწიფო გადაარჩინა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2013 წლის 8 აგვისტო
მიხეილ სააკაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2013 წლის 8 აგვისტო

 

მისივე თქმით, ვინც დღეს, ამ ომიდან ხუთი წლის შემდეგ, საქართველოს ხედავს, როგორც დამნაშავეს ამ ომში, პირდაპირ იმეორებს აგრესორი ქვეყნის პროპაგანდას:

 

“უტყუარად დადასტურებულია, რომ წინა დღეებში რუსეთის შეირაღებული ძალების მსხვილი კონტიგენტები შემოსული იყვნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე -არა სამშვიდობო, არამედ სპეცრაზმი, სატანკო კოლონები, ამას ადასტურებენ რუსი ოფიცრები, ამას ადასტურებს უამრავი სხვა წყარო, რომელიც ამ ყველაფერს სწავლობდა. ამას აღიარებენ რუსი პოლიტიკოსებიც. ამ ყველაფერის ფონზე კიდევ ძახილი იმისა, რომ საქართველომ რამე დაიწყო, უბრალოდ, პირდაპირ გამეორებაა აგრესორის პროპაგანდის და არის ქმედება, რომელიც მიმართულია სიმართლის წინააღმდეგ, პირველ რიგში, და ეს არის, რა თქმა უნდა, მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაც. მეორე მხრივ, ძახილი იმისა, რომ საქართველო წამოეგო პროვოკაციას, რაც ამ დღეებშიც გავიგონეთ, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ვთქვათ – საქართველო წამოეგო პროვოკაციას ჯალალ ედ-დინის, აღა-მაჰმად-ხანის, მურვან ყრუს წინააღმდეგ. იქნებ ერეკლე მეორესთვის რომ არ ეღალატათ მარკოზაშვილის რაზმელებს და სხვა მაშინდელ ელემენტებს, ერეკლე მეორეც წამოგებოდა პროვოკაციას აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ და თბილისი გადარჩენილიყო განადგურებას.

 

სწორედ ის, რომ საქართველომ გაწია წინააღმდეგობა, გვეყო გამბედაობა და ეს იყო ჩვენი წმინდათა წმინდა ვალი. ჩემთვის არავის მოუცია მანდატი, რომ ყველაზე უფრო ძლიერი მტრისთვისაც, რომელიც საქართველოში შემოვიდა, არ გამეწია წინააღმდეგობა, ეს არის ყველა, საქართველოს არჩეული და არსებული ლიდერის ვალი. სწორედ ამის გამო გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა. საქართველო გადარჩა ისეთ პირობებში, სადაც ვერ გადარჩა ბევრი ჩვენზე განვითარებული ქვეყანა. ამიტომ ის, რაც მოხდა ხუთი წლის წინ და რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, არის ტრაგიკული, მაგრამ ძალიან საამაყო და ეს ჩვენი დროშა დღეს ძალიან ამაყად ფრიალებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომავალში მშვიდობის შესანარჩუნებლად და საქართველოს განვითარების გასაგრძელებლად,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი