ახალი ამბები

თეა წულუკიანი უწყებათაშორისი კომისიის წევრების რაოდენობას ზრდის

8 აგვისტო, 2013 • • 1094
თეა წულუკიანი უწყებათაშორისი კომისიის წევრების რაოდენობას ზრდის

როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“. ამ ცვლილებების თანახმად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება.


იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ მინისტრის, თეა წულუკიანის დღევანდელი ბრძანებით, დამტკიცდა კომისიის ახალი შემადგენლობა, რომელსაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებისა და თავდაცვის სამინისტროები დაემატა, მონაწილეთა რაოდენობა კი ათი წევრით განისაზღვრა. აქამდე კომისიას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა, ხოლო მის შემადგენლობაში შემდეგი სამინისტროების წარმომადგენლები (მინისტრის მოადგილეები) შედიოდნენ: იუსტიციის, რეგიონალური და ინფრასრუქტურული განვითარების, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები. გარდა ამისა, კომისიაში შედიოდა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი.


“კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის სხდომაზე მიწვეულ იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისია გააგრძელებს თანამშრომლობას კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, აგრეთვე, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებთან, რომლებიც  კომისიის ყველა სხდომაზე იქნებიან მიწვეულნი და  სათათბირო ხმის უფლებით კვლავ ისარგებლებენ, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. მინისტრის ბრძანებით, კომისიის სხდომები გაფორმდება ოქმით.


ამასთან, იუსტიციის მინისტრმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ოფიციალური წერილით მიმართა და მისგან 2012 წლის საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების, 2013 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, აგრეთვე, 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მიზნებისათვის შექმნილი კომისიის სხდომის ოქმების ასლები, კომისიის სხდომებზე მიწვეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისა და სხვა პოლიტიკური გაერთიანებების, აგრეთვე, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სრული ჩამონათვალი გამოითხოვაუახლოეს მომავალში კომისია თავის პირველ სხდომას იუსტიციის სამინისტროში გამართავს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია განიხილავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე, დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები. განხილვის შედეგად, კომისია გამოსცემს რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისა და საჯარო დაწესებულებების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი