ახალი ამბები

სააკაშვილი პუტინთან და მედვედევთან ურთიერთობის დეტალებს ჰყვება

7 აგვისტო, 2013 •
სააკაშვილი პუტინთან და მედვედევთან ურთიერთობის დეტალებს ჰყვება

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 2007 წელს მინსკში შეხვდა ვლადიმერ პუტინს: “ძალიან უხეშად მელაპარაკა – ჩრდილო კვიპროსს მოგიწყობთო, მითხრა”, – იხსენებს მიხეილ სააკაშვილი.

 

პრეზიდენტის განცხადებით, 2008 წლის თებერვალში ის ისევ შეხვდა პუტინს, სადაც იგი მას კოსოვოს მაგალითზე ესაუბრა:

 

“გვითხრა, თქვენთვის ძალიან მტკივნეული არ იქნებაო, გაუპატიურების წინ სტაჟიანი მოძალადე რომ გეტყვის, ისე”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

მისივე თქმით, 2008 წლის აპრილში მან წერილი მიწერა პუტინს:

 

“მივწერე წერილი პუტინს, რომ ძალიან გთხოვთ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ლაპარაკი, დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, მზად ვართ ბევრი დათმობისთვის”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

საქართველოს პრეზიდენტი იმ დათმობებზე საუბრობს, რაზეც აპირებდა წასვლას:

 

“ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ, ვთქვათ ნატოზე უარი, ჩვენ ხელშეკრულებით ვართ მზად, ვთქვათ უარი ამერიკასთან უფრო წინწასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ, თავის მხრივ, დაგვეხმარებით ტერიტორიებზე პროგრესზე, ოღონდ ეს ხელშეკრულებით დავაფიქსიროთ. ამაზე პუტინი არც დაფიქრებულა, შემოგვხედა, გაიღიმა და თქვა: ბიჭებო, ჩვენ თქვენს ტერიტორიებს თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე არ ვცვლით, რაც რას ნიშნავდა, რომ ტერიტორიებს ისედაც წაგართმევთ…”

 

სააკაშვილის თქმით, ამის შემდეგ კიდევ უფრო მწვავდებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რის შემდეგაც, 2008 წლის მაისში, მან წერილი მიწერა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს.

 

სააკაშვილის თქმით, ამ წერილის გამო ის მისმა თანაგუნდელებმაც კი გააკრიტიკეს:

 

“მივწერე, რომ ვიცი, გაქვთ ინტერესები კურორტებზე, ბაზებზე… ჩვენ ლტოლვილები ვერ შეგვყავს, გადაინაცვლეთ კოდორის ჩრდილოეთით და შევიყვანოთ ლტოლვილები, სანაცვლოდ, დაგიკანონებთ სოხუმის აეროპორტით, რკინიგზით სარგებლობას, დაგიკანონებთ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ. პრაქტიკულად ყველაფერს გაგიკეთებთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ არ გინდათ ომი, ომი არ მიხსენებია, მაგრამ რაც შეიძლება მოვიფიქრო, თუ მათ მართლა ომი არ უნდათ, ყველაფერი მივცეთ და დაწყნარდნენ. ბევრმა უცხოელმა თქვა მაშინ, პრაქტიკულად ამით აფხაზეთის გაყოფას თავაზობთო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო აფხაზეთის გაყოფა, იმიტომ, რომ სუვერენიტეტი ჩვენი რჩებოდა, მაგრამ დე ფაქტო ვაკანონებდით გრძელვადიანად მათ ინტერესებს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში”.

 

სააკაშვილის თქმით, ეს წერილი მეორე დღესვე გამოაქვეყნეს გაზეთ “კომერსანტში”, რის შემდეგაც მედვედევმა წერილი მიწერა საქართველოს პრეზიდენტს, რომლითაც, სააკაშვილის თქმით, მედვედევმა უარი განაცხადა ლტოლვილების დაბრუნებაზე.

 

სააკაშვილის განცხადებით, ამის შემდეგ მან ორჯერ დაურეკა მედვედევს და ორივეჯერ პუტინმა აიღო ტელეფონი.

 

“პირველად რომ აიღო ყურმილი, მითხრა, რომ მედვედევს რას ურეკავო? ჩემთანა გაქვს შენ საქმეო.”

 

სააკაშვილის განცხადებით, მან მეორეჯერ მას შემდეგ დაურეკა მედვედევს, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებისან იყო გაფრთხილებები მოსალოდნელ ომზე.

 

“პუტინს [ტელეფონით] ვეუბნები, რომ ნახეთ ევროკავშირის განცხადება? – ხოო, ცუდი განცხადება იყოო და ვხედავ უკვე აგდებული, დამცინავი ტონით საუბრობს; ეუთოს განცხადებაც ხომ ნახეთ–მეთქი? – კი, ეუთოს განცხადებაც ვნახე, რუსეთი ისეთი გაკრიტიკებულია, პირდაპირ აღარ შეიძლებაო; უფრო მეტიც, ამერიკელების განცხადებაც ვნახე, ბუშისო – ბიჭო, რა საშინელი ტონი ჰქონდათ რუსეთის მიმართ, როგორ დაგვგმესო – ირონიულად ამბობდა ამ ყველაფერს. ხო, მიხაილ ნიკალაევიჩ, ძაან ბევრი ქაღალდიაო. მე ვუთხარი, ქაღალდია, თუ რაც არის, სერიოზული ხალხის განცხადებებია–მეთქი, ჰოდა, ბევრი ქაღალდი როაო, ეს ქაღალდი რომ დაახვიოო და ერთ ადგილზე რომ გაიკეთოო, ბევრად უფრო უხეშად თქვა… რაზეც გავშრი მე და კიდევ დამიკონრეტა მისამართი, რაც არ მინდა გავიმეორო… მე ცხოვრებაში მასთანაც არ მიკადრებია, რომ მასთანაც ტონი ამეწია. აი, ასეთი ტონით მელაპარაკა”.

 

სააკაშვილის თქმით, მეორე დღეს ამ სატელეფონო საუბრის თაობაზე აშშ–ის მაშინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ესაუბრა, რომელიც ამ საკითხებზე ინფორმირებული იყო.

 

სააკაშვილის თქმით, 2008 წლის 6 ივლისს ის ასტანაში შეხვდა მედვედევს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, სააკაშვილის განცხადებით, მასთან შეხვედრას გაურბოდა:

 

“მედვედევს მივსდევდი და მედვედვი სულ მემალებოდა, მე დავსდევდი, ის გამირბის”.

 

სააკაშვილის თქმით, ასტანაში მედვედევთან შეხვედრა დისკოთეკაზე შეძლო, ღამის კლუბ “მონაკოში”:

 

“მედვედევი ცეკვავს დარბაზში, მეც შევყევი საცეკვავო მოედანზე და რაღაც მომენტში გამოვიყვანე სალაპარაკოდ. მითხრა, მიხაილ, ძალიან მომწონხარო, ერთი ასაკი გვაქვს, ერთი განათლებაო… ერთი მუსიკა მოგვწონსო, მაგრამ მოსკოვში სხვა წესებიაო და ამ წესებს მე არ ვადგენო”, – იხსენებს სააკაშვილი. მისივე თქმით, ის ცდილობდა მედვედევის დათანხმებას შეხვედრაზე მოლაპარაკებისთვის, თუმცა მან ასეთი რამ უთხრა: “მალე გაცილებით უარესი იქნებაო და გაიქცა სადღაც, ფერი მეცვალა…  არ მოველოდი ასეთ გულწრფელობას, ეს იყო ჩვენი ბოლო კონტაქტი”.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მთელი მისი ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან ჰგავდა მგლისა და კრავის ურთიერთობას:

 

“მთელი ჩემი ურთიერთობა პუტინთან იყო – ჩემო ძვირფასო მგელო, სიმპათიურო, ლამაზო, ჩვენ პატარა კრავი ვართ, ჩვენთვის ვიქნებით პატარა ტერიტორიაზე, ოღონდ ძალიან გთხოვთ, არ შეგვჭამოთ, არ გაჭრა ამან, ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით – დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი, ეს არის მართალი.”

 

მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადებები ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი