ახალი ამბები

რატომ არ დაერთო “ტრაქტორების საქმეს” პროკურატურის ფარული ჩანაწერი ივანიაძეზე

7 აგვისტო, 2013 • • 1432
რატომ არ დაერთო “ტრაქტორების საქმეს” პროკურატურის ფარული ჩანაწერი ივანიაძეზე

„ტრაქტორების საქმეზე“ ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 11 ივლისს, განაცხადა, რომ გამოძიება მასზე ზეწოლით ცდილობდა მისგან მიეღო ჩვენება სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძის წინააღმდეგ. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა 22 ივლისს განაცხადა, რომ ივანიაძეზე ზეწოლის ფაქტი არ დადასტურდა და გამოაქვეყნა პროკურორის მიერ ციხეში ჩაწერილი ფარული ვიდეომასალა, რომელშიც მამუკა ივანიაძე სამართალდამცავებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უშედეგოდ ითხოვს, რომ პროკურატურამ ამ ვიდეომასალის ჩაწერაზე სასამართლოს ნებართვა წარმოადგინოს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ „ტრაქtორების საქმეზე“ გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ არაფერი სმენოდა აღნიშნული ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ, შესაბამისად, ის საქმეში არც მტკიცებულების სახით არ დევს.

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით „ნეტგაზეთის“ კითხვებს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წერილობით უპასუხა.

 

„გამოძიების მიერ გასაჯაროებულ ვიდეომასალის ნაწილთან დაკავშირებით, რომელშიც ბრალდებული მამუკა ივანიაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ტექნიკის შეძენასა და სხვა ფაქტებზე საუბრობს, – გაცნობებთ, რომ აღნიშნული ვიდეომასალა მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით და იგი დართულია მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის იმ საქმეზე, რომლის გამოძიება მამუკა ივანიაძის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაიწყო 2013 წლის 11 ივლისს.

 

შსს ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საქართველოს პროკურატურაში გრძელდება გამოძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ცალკეულ პირთა მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, მათ შორის, ჩანაწერში მითითებულ და ჯერჯერობით არგასაჯაროებულ ფაქტებზე.

 

მართლმსაჯულებისა და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მოთხოვნის დაცვით, გასაჯაროებული ვიდეოფირის სრული ჩანაწერი და სხვა მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის დროს გადაეცემა მხარეს“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

 

 მამუკა ივანიაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე 2013
მამუკა ივანიაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე 2013

პროკურატურის ქმედებას უკანონოსა და არალოგიკურს უწოდებს მამუკა ივანიაძის ინტერესების დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მაია ხუციშვილი.

 

„ეს ვიდეომასალა როგორ იქნება 11 ივლისის შემდეგ დაწყებულ გამოძიებაზე მტკიცებულებად დართული? გარდა ამისა, ამ საქმეზე მამუკა ივანიაძე მოწმის სახით არის დაკითხული და ჩვენ კანონით არ გვაქვს უფლება, წვდომა გვქონდეს ამ მასალებზე. ეს მასალები არის მოპოვებული მანამდე, სანამ ივანიაძე იჯდა ციხეში, სანამ გარეთ გამოვიდოდა და ზეწოლის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, შესაბამისად, იმ დროს გამოძიება ამ საქმეზე დაწყებული არ იყო. მაშინ როგორ მოიპოვა პროკურატურამ ოპერატიულ–სამძებრო ინფორმაცია, თუკი საქმის გამოძიება არ იყო დაწყებული? გამოძიება თუ არ არის დაწყებული, მაშინ რისთვის ატარებ ამ ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობას? ზეწოლის შესახებ განცხადება მამუკა ივანიაძემ გააკეთა ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ეს ფარული ვიდეომასალა კი ჩაწერილია ციხის კედლებში, პროკურორის ერთ–ერთი ვიზიტისას. შესაბამისად, არალოგიკურია ამ მასალის მტკიცებულებად დართვა საქმეზე, რომელიც ზეწოლას ეხება. თუ ამ ფარულ ვიდეოჩაწერაზე პროკურატურას ექნებოდა სასამართლო ნებართვა, ეს უნდა ჰქონოდა წინა, ანუ „ტრაქტორების საქმიდან“ გამომდინარე. ზეწოლის საქმეზე ამ მასალას ვერ გამოიყენებენ, რადგან ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობა ტარდება დაწყებული გამოძიების ფარგლებში და ამ გამოძიების ფარგლებში სასამართლო ვერ გასცემდა ნებართვას, რადგან ვიდეოს ფარულად ჩაწერის მომენტში ივანიაძის ზეწოლასთან დაკავშირებით არანაირი გამოძიება არ იყო დაწყებული. არალოგიკურია ამ ვიდეომასალის მტკიცებულებად დართვა ივანიაძის ზეწოლის საქმეზე, ეს მტკიცებულება უნდა ყოფილიყო „ტრაქტორების საქმეზე“, – განუცხადა მაია ხუციშვილმა „ნეტგაზეთს“.

 

ხუციშვილი აცხადებს, რომ თუ ამ ფარულ ჩანაწერზე სასამართლო ნებართვა არსებობს, გაესაჯაროებინა პროკურატურას. რაც შეეხება მხარისთვის მასალის დროულად გადაცემას, ხუციშვილი ამბობს, რომ ივანიაძე მოწმის სახითაა დაკითხული და, შესაბამისად, მას უფლება არა აქვს გაეცნოს საქმის მასალებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას ბრალს წაუყენებენ.

 

„პროკურატურამ 22 ივლისს გააკეთა განცხადება, რომ არ დადგინდა ივანიაძეზე ზეწოლის ფაქტი. 23 ივლისს კი ივანიაძეს აუღეს ხელნაწერის ნიმუში ექსპერტიზისთვის და მაშინ გამომძიებელმა გვითხრა, რომ გამოძიება გრძელდება. ჩნდება კითხვა, თუ 22 ივლისს დადგენილი იყო, რომ ზეწოლის ფაქტი არ დადასტურდა, რატომ გრძელდება გამოძიება? მთავარი ლაფსუსი კი ამ საქმეში არის შემდეგი: როცა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ არის დაწყებული, რის საფუძველზე იღებ სასამართლოს ნებართვას ფარულ ვიდეოგადაღებაზე? რა ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობას ატარებ? რა იცოდა პროკურატურამ, რომ მომავალში ივანიაძე განაცხადებდა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ?

 

თუ პროკურორს ჩვენების მიღება უნდოდა, ეთქვა წინასწარ ივანიაძისთვის, რომ ეს იწერებოდა, რა პრობლემა იყო, მით უმეტეს, მაშინ, როცა ივანიაძეს აქამდეც ჰქონია ჩვენება მიცემული. გარდა ამისა, თუ საქმე არ მივიდა სასამართლომდე და გამოძიება ასე უსასრულოდ გაგრძელდა, ვერც ვერავინ გაიგებს, აქვს თუ არა პროკურატურას სასამართლო ნებართვა ივანიაძის ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით თუ ამის გამოქვეყნება თავად არ ისურვებს, რასაც ჯერჯერობით უშედეგოდ ვითხოვთ“, – აცხადბს საია–ს იურისტი მაია ხუციშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი