ახალი ამბები

ლაშა ტალახაძე საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

28 დეკემბერი, 2017 • 2387
ლაშა ტალახაძე საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა, ხოლო მანამდე 2017 წლის სპორტსმენის ტიტული ქართველ ძალოსანს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც მიანიჭა.

ლაშა ტალახაძემ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და ოლიმპიური კომიტეტის აღიარება ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.

სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით, 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენთა შორის მეორეზე NBA-ს პირველი ქართველი ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია გავიდა, მესამე ადგილი კი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა დაიკავა. 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად მოჭიდავე ზვიად პატარიძე დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელი ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი გიორგი ასანიძე გახდა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ძალოსნობის ფედერაცია 2017 წლის საუკეთესო ფედერაციად დაასახელა. ქართველმა ძალოსნებმა წელს ჯამში 50 მედალი მოიპოვეს. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, საუკეთესო გუნდის ნომინაციაში წელს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გაიმარჯვა. ღონისძიებაზე 2017 წელი სპორტული მიღწევების კუთხით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სეზონად აღაირეს.

სპორტულ ჟურნალისტთა დაჯილდოების ცერემონიას მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებთან ერთად სპორტის ყოფილი და მოქმედი მინისტრებიც დაესწრნენ. წლის საუკეთსო სპორტსმენის ჯილდო ლაშა ტალახაძეს სწორედ სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი