ახალი ამბებისაზოგადოება

მწერლები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საზმაუს ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ

29 დეკემბერი, 2017 • 4894
მწერლები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საზმაუს ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ

ქართველი მწერლები და ლიტერატორების საინიციატივო ჯგუფი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავენ, მათ შორის: მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სპორტსმენებს, უფლებადამცველებს, მკვლევრებსა და ექსპერტებს, მეწარმეებს. ისინი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საზოგადოებრივი მაწუწყებლის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ და საკუთარ პროტესტს სოციალურ ქსელებში გამოხატავენ ჰეშთეგით: #ბოიკოტისაზმაუს.

“ჩვენი თქვენდამი კოლეგიალური თხოვნაა – გავერთიანდეთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ძალადობრივ სისტემას არ მივცეთ საშუალება დაჩაგროს ერთი კონკრეტული ადამიანი, მოქალაქე, პოეტი ზვიად რატიანი, რომელსაც ჯერ პოლიცია გაუსწორდა ფიზიკურად, ხოლო შემდგომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოძალადე პოლიციელების მიერ სპეციალურად დადგმული და დამონტაჟებული ვიდეოს გამოქვეყნებით საბოლოო განაჩენი გამოუტანა.

საქმე ისაა, რომ ნებისმიერ საშუალო დონის მემონტაჟეს შეუძლია ისე დაჭრას ნებისმიერი ადამიანის ვიდეო, რომ მისგან საერთაშორისო ტერორისტის ლოგიკა ააწყოს, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარია, რომ რატიანის გინების ვიდეო, ეს პრიმიტიული პროპაგანდისტული ნამუშევარი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოპერატიულად მოითხოვა შსს-სგან და ოპერატიულადვე გამოაქვეყნა და ეს იმ დროს, როცა ამავე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში არ გაუშვა პრემიერ-მინისტრის გინების ამსახველი კადრები,” – აცხადებენ მწერლები და ლიტერატორები.

როგორც მწერლები და ლიტერატორები აცხადებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ვიდეოფაბრიკაციის გაშუქებამ და საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებამ, საბაბი მისცა, ზვიად რატიანის წინააღმდეგ აგორებულიყო ზიზღისა და სიძულვილის სამარცხვინო კამპანია, სოციალურ ქსელებში კი გაისმის პოეტის ჩაქოლვისა და ფიზიკური განადგურების მუქარა-მოწოდებები.

“ნაცვლად იმისა, რომ შსს და საზოგადოებრივი მაუწყებელი ზრუნავდნენ და იცავდნენ საკუთარი მოქალაქეების სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, ისინი საკუთარი ქმედებებით ყოველმხრივ აღვივებენ მოქალაქეებს შორის ზიზღსა და სიძულვილს, ქმნიან საზოგადოებაში უკიდურესი დაპირისპირებისათვის საჭირო ნიადაგს.

ჩვენ, ქართველი მწერლებისა და ლიტერატორების საინიციატივო ჯგუფი მოგიწოდებთ, ერთად გავაპროტესტოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანტისაზოგადოებრივი ქმედება, გამოვუცხადოთ ბოიკოტი მას, არ მივიღოთ მონაწილეობა მის გადაცემებში და საინფორმაციო გამოშვებებში.”

მწერლები და ლიტერატორები ფიქრობენ, რომ საზოგადოება, რომელიც სოლიდარულია და იცავს ერთ კონკრეტულ ადამიანს სისტემური და უსამართლო ჩაგვრისაგან, პირველ ყოვლისა, აძლიერებს საკუთარ თავს, სახელმწიფოს და ამ სახელმწოფოს მომავალს.

[red_box]მიმართვას ხელს აწერენ:[/red_box]

შოთა იათაშვილი, გვანცა ჯობავა, რატი ამაღლობელი, პაატა შამუგია, ლაშა ბუღაძე, ზაალ ანდრონიკაშვილი, ეკეტერინე ტოგონოძე, კეთი ქანთარია, დიანა ანფიმიადი, ნენე კვინიკაძე, ზურაბ რთველიაშვილი, არჩილ ქიქოძე, გაგა ნახუცრიშვილი და თემურ ჩხეტიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი