ახალი ამბები

სუსი: ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

28 დეკემბერი, 2017 • 2193
სუსი: ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 26 დეკემბერს თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე გოჩა(ალი) საგინაძე, ქართული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ტერორიზმთან კავშირშია მხილებული და თურქ სამართალდამცავებს ამოღებული აქვთ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” მისი კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები. უწყების ცნობით, მეზობელი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს ჩატაევის ტელეფონიდან მოპოვებული მასალის საფუძველზე დაუკავშირდნენ.

“თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იყო ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ტრაპზონის პროვინციაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაზე გუშინ, 27 დეკემბერს თურქული მედიაც წერდა. თუმცა საუბარი იყო არა ერთ მამაკაცზე, არამედ ცოლ-ქმარზე. გამოცემა “მილიეთი” იუწყებოდა, რომ ორივე დაკავებული ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი