მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზე,
რომლებიც ყოფილ პატიმრებს თავისუფლების მიღების პირველივე წუთიდან ექმნებათ. არსებობენ ციხიდან გათავისუფლებული პირები, რომლებმაც ციხის ზღურბლს გადმობიჯების შემდეგ არ იციან, სად წავიდნენ, ღამე სად გაათიონ, არა აქვთ გზის ფულიც კი.

 

“საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია” ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც “პატიმარ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის” პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ. აღნიშნულმა ორგანიზაციამ “ნეტგაზეთს“ მიაწოდეს ინფორმაცია ერთ–ერთი ყოფილი მსჯავრდებულის შესახებ, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავშესაფარს უშედეგოდ ეძებდა თვეების განმავლობაში.


აღნიშნულმა პირმა, რომელიც უსახლკარო იყო, 2009 წელს თბილისში, ერთ-ერთი სახლის ეზოში განთავსებული საქათმიდან ფარულად გამოიყვანა 4 ცალი, საერთო ჯამში, 60 ლარად ღირებული ქათამი და სცადა მიმალვა, მაგრამ მისი დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


მოგვიანებით ის დააპატიმრეს, თუმცა 2012 წლის ნოემბერში მსჯავრდებული პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ გათავისუფლების შემდეგ წასასვლელი და ღამის გასათევი არსად ჰქონდა. ციხის დატოვების შემდეგ რამდენიმე დღე ნაცნობებთან ცხოვრობდა, თუმცა შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა და დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაკითხა.


“გვთხოვს დავეხმაროთ თავშესაფრის მოძებნაში და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებაში. თუმცა ამ უკანასკნელის მინიჭების დროს, სოციალური სამსახური ითხოვს სტატუსის მაძიებელს ჰქონდეს მითითებული კონკრეტული საცხოვრებელი ბინის მისამართი, სადაც ცხოვრობს და სადაც მოხდება სოციალური მუშაკის ვიზიტი ქულების მისანიჭებლად. მას კი ასეთი საცხოვრებელი არ აქვს. გვთხოვა დროებით, სტატუსის მინიჭებამდე, დავხმარებოდით ფინანსურად და ბინა დაგვექირავებინა მისთვის, რაც ვერ მოვახერხეთ“, – აცხადებს “საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაციის” ფსიქოლოგი ანა კანჯარაძე.


ამჟამად ყოფილი მსჯავრდებული თბილისში, ერთ-ერთი ნახევრად დანგრეული სახლის სარდაფში ათევს ღამეს.


არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროგრამები დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის. უნდა არსებობდეს უსახლკარო ყოფილი მსჯავრდებულებისთვის დროებითი თავშესაფარი – კრიზისული ცენტრები, სადაც მოხდება ყოფილი მსჯავრდებულებისათვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევა. მათი განცხადებით, სახელმწიფომ უნდა მისცეს ამ ადამიანებს შანსი, გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მუდმივად არიან დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ.

 

მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა ახორციელებს ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია–რეაბილიტაციის პროგრამას. ეს ითვალისწინებს ყოფილ მსჯავრდებულთა ფსიქო–სოციალურ რეაბილიტაციასა და დასაქმების ხელშეწყობას.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა დავით მაისურაძემ დღეს, 6 აგვისტოს, სწორედ აღნიშნული პროგრამის მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი ინფორმაციით, რეაბილიტაციის ნებაყოფლობით პროგრამაში ჩართვა ითხოვა 650–მა ყოფილმა მსჯავრდებულმა, სამინისტრომ კი მხოლოდ 400–მდე პირის მომსახურება შეძლო. ამ პროგრამის გავრცელება მომავალი წლიდან საქართველოს რეგიონებშიც იგეგმება.

 

„ეს შეიძლება იყოს პროფესიულ გადამზადებაში ხელშეწყობა, სივის–ს მომზადების სწავლა და ა.შ. ჩვენ ფულს არ გავცემთ, მათ ვეხმარებით ისწავლონ საქმე, რომ შემდეგ თავად შეძლონ საკუთარი თავის რჩენა. პირდაპირი დახმარების გაცემა არ  ხდება, თუმცა, ჩვენ ვთავაზობთ მაღალი ხარისხის სხვადასხვა პროგრამას, რომ შემდეგ, სამომავლოდ თავად შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება“, – განუცხადა დავით მაისურაძემ „ნეტგაზეთს“.

 

კითხვაზე, რას აკეთებს სახელმწიფო იმ ყოფილ პატიმართა დასახმარებლად, რომლებსაც ციხის დატოვების შემდეგ თავშესაფარი და გზის ფულიც კი არ აქვთ, მაისურაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია–მონასტრების იმედი აქვს, სადაც ხდება მსგავსი ყოფილი მსჯავრდებულების დაბინავება დროებით. სახელმწიფოს, ასევე, არა აქვს პასუხი კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სახელმწიფო პროგრამის შემუშავება მსგავსი პირების დასახმარებლად.

 

ევროკავშირის პროექტების მენეჯერი პრობაციისა და სასჯელაღსრულების საკითხებში ლალი ჩხეტია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამოაცხადოს პრიორიტეტად იმ ყოფილი პატიმრების დახმარება, რომლებსაც თავისუფლების პირველივე წუთიდან არა აქვთ თავშესაფარი.

 

„მხოლოდ ეკლესიის იმედად ვერ ვიქნებით, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ეკლესია–მონასტრებში წასვლა, შესაბამისად, მუნიციპალურ დონეზეც და ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც პრიორიტეტული უნდა გახდეს ელემენტარული სოციალური გარანტიების შექმნა ამ ადამიანებისთვის, ეს არ ეხება მხოლოდ ყოფილ პატიმრებს და ა.შ. სოციალური კომპონენტის გარეშე რესოციალიზაციის პროგრამის განხორციელება წარმოუდგენელია, ამიტომაც გავუსვით ყველამ ხაზი იმას, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს პროცესში და ფუნქციები თანაბრად გადანაწილდეს უწყებებზე“, – განუცხადა ლალი ჩხეტიამ „ნეტგაზეთს“.

 

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფუქნცია არ არის ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და ეს არც დებულებაში წერია და არც რომელიმე ბრძანებაში.

 

„ნეტგაზეთმა“ გია კაკაჩიას კითხა, როცა ადამიანი უკვე აღარ არის პატიმარი და ის ციხის გარეთ ყოველგვარი დახმარების გარეშე რჩება, ვერ ხერხდება მისი სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება, რას აკეთებს ამ შემთხვევაში შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო?

 

„მესმის, მაგრამ რესოციალიზაცია არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია და რაც არ არის ჩემი ფუნქცია, იმაზე ფიქრს წინასწარ როგორ დავიწყებ? თუ დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და გადაწყდება, რომ ეს პრობლემა სოციალური კუთხით მოგვარდეს და სოციალური პოლიტიკის ელემენტი გახდეს, კი, ბატონო. დღესდღეობით, ეს ჩვენს ფუნქციას არ წარმოადგენს, შესაბამისად, ვერც თანხას ვერ გამოვყოფთ ამ მიზნით, რადგან ეს არამიზნობრივ ხარჯვაში ჩაითვლება. ეს საკმაოდ დიდი თემაა, ამას სჭირდება პროგრამების შემუშავება და ა.შ. თუმცა, ჩემი პირადი მოსაზრებით, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის“, – განუცხადა გია კაკაჩიამ „ნეტგაზეთს“.

 

სახელმწიფო უკვე რამდენიმე თვეა ათასობით ლარს ხარჯავს ყოფილ პატიმართა გადამზადებისთვის, მათთვის რაიმე ხელობის შესასწავლად, რომ შემდეგ მათ დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება. თუმცა, ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს კითხვაზე, რა უნდა გააკეთონ იმ პირებმა, რომლებსაც საპყრობილის დატოვების შემდეგ არც ღამის გასათევი აქვთ და არც გზის ფული სადმე წასასვლელად. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *