ორგანიზაციის განცხადებაში მოყვანილია მაგალითები, როდესაც გიორგი მარგველაშვილი დაესწრო იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შრომის კოდექსის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაციას და ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ თუშეთობის დღესასწაულს ომალოში, სადაც ის ვერტმფრენით ჩავიდა.

მარგველაშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე
მარგველაშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე

 

“ჩვენთვის უცნობია, არის თუ არა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო საკუთრებაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. გიორგი მარგველაშვილის საჯარო შეხვედრების საკითხი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიაზეც განიხილეს, რომელშიც მონაწილეობდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი:

 

“ბოლო დღეებში რამდენიმე სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯერიდან ფინანსდება, გიორგი მარგველაშვილი არის როგორც მასპინძელი და ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე. ეს იყო იუსტიციის სამინისტროს, კულტურის სამინისტროსა და რეიტეგრაცის სამინისტროს ღონისძიებები,”- განაცხადა გოგორიშვილმა.

 

“მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე პრეზიდენტობის კანდიდატის დასწრება წარმოშობს რიგს კანონდარღვევებისა. პირველ რიგში, პარლამენტის მიერ სამი მოსმენით უკვე მიღებულ საარჩევნო კოდექსში ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებზე აგიტაცია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ითვლება. აგიტაცია კი, მოქმედი კოდექსით, შეიძლება ნებისმიერი საჯარო მოქმედება იყოს, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის პირის არჩევას. საარჩევნო მიზნების მქონე პირის საჯარო ღონისძიებაზე დასწრება კი არის მისთვის პლატფორმის დათმობა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ასევე, ამ ქმედებით, კანდიდატი ზოგავს საკუთარ ფინანსებს, რაც შესაძლოა განხილული იქნეს, როგორც სახელმწიფო ორგანოს მხრიდან გაღებული უკანონო შემოწირულება”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ორგანიზაციის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ამ დრომდე საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის და ასეთი ქმედებებისგან თავის შეკავების, ისევე, როგორც  მინისტრობიდან გადადგომის ფორმალური ვალდებულება მას არ გააჩნია:

 

“თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაცია კი მხოლოდ ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატს მოვუწოდებთ, დაიცვას ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი, რომლის თანახმად, სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მკაფიო განსხვავება უნდა არსებობდეს, რაც ამ შემთხვევაში დარღვეული იყო”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *