ახალი ამბები

როგორ მოვუაროთ ქოთანში ჩარგულ ნაძვის ხეს – სასარგებლო რჩევები

28 დეკემბერი, 2017 • 19935
როგორ მოვუაროთ ქოთანში ჩარგულ ნაძვის ხეს – სასარგებლო რჩევები

არის თუ არა ქოთანში ჩარგული ნაძვის ხე საუკეთესო არჩევანი, თუკი გარემოს დაცვაც გვინდა და საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვაც? ზოგიერთი მომხმარებელი ჩივის, რომ ქოთნის ნაძვის ხე, რომელიც მათ იყიდეს, მოვლის მიუხედავად, სახლის პირობებში გახმა.

ქოთანში ჩარგულ ნაძვის ხეებს მცენარეების მაღაზიებში, ასევე, საახალწლო ნაძვის ხეების გასაყიდ ადგილებში მრავლად შეხვდებით. ფასი ძირითადად მისი ზომების მიხედვით მერყეობს – 12-20 ლარიდან იწყება და ზოგიერთის ღირებულება 150 ლარს აღწევს. ნაძვის ხის გამყიდვლები ამბობენ, რომ ახალი წლის პერიოდის შემდეგ შეიძლება ქოთნის ნაძვის ხე აივანზე გავიტანოთ, ან გარეთ გადავრგოთ.

ცოცხალი ნაძვის ხეების პოპულარიზაციაში გარემოს დაცვის სამინისტროც იღებდა მონაწილეობას. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად შეუძლია ჩვეულებრივ მომხმარებელს, სათანადოდ მოუაროს ასეთ ნაძვის ხეს, რომ მან სიცოცხლე გააგრძელოს.

“ვერ იტანს ოთახის ტემპერატურას. მე მქონდა 15 წლის ნაძვი ქოთანში, რომელიც შარშან, ერთი კვირით მეტ ხანს გამიჩერდა სახლში და ისიც კი გახმა, ვერ გაუძლო ამ პირობებს,” – გვეუბნება პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე.

მისივე თქმით, სახლის პირობებში ქოთნის ნაძვის ხის მოვლა და გახარება საკმაოდ რთულია.

როგორც ნატა ფერაძე განმარტავს, სანერგეებიდან იმპორტირებული ნაძვის ხეები ძირითადად ტორფიან ნიადაგშია, რასაც გადარგვა სჭირდება, ხოლო თუკი ასეთ ნაძვს ზამთარში გარეთ, აივანზე დავდებთ, ფესვების მოყინვის საშიშროება იქმნება. მისივე განმარტებით, თუკი მომხმარებელი გადარგვას დააპირებს, მაშინ სწორად უნდა შეარჩიონ ნიადაგი, რადგანაც სასურველი არ არის, ნაძვი ქუჩაში დარგონ და უმჯობესია, ფერდობებზე, სკვერებში, პარკებში ან ქალაქგარეთ დაირგას.

“აგრონორმების დაცვას ძალიან ბევრი ვერ შეძლებს, სწორი მორწყვის რეჟიმის და ა.შ. თუმცა ეს არ არის ცუდი მეთოდი, თუ გამყიდველი ზუსტად მოაყოლებს ინსტრუქციას, როგორ უნდა მიხედონ ასეთ ხეებს და თუკი დაიცავს ამას მყიდველი… თუკი არ გაქვს ნაძვის ხის გახარების ცოდნა, პრაქტიკა და რესურსი, ეს არის საკუთარი თავის მოტყუება ქოთნის ნაძვის ხის ყიდვით და მერე იმის ილუზია, რომ გადარგავ იმიტომ, რომ სულ პრობლმებია და ახალი წლის მერე იწყება ჩემთან მიმოწერა, რომ მიხმება, რა ვქნა, და ამის გადარჩენაში, შველაში და მცდელობაში ვარ ძალიან დიდი ხანი და 99% ცუდად მთავრდება,”- გვეუბნება ნატა ფერაძე.

თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ქოთანში ჩარგული ნაძის ხეების პოპულარობა მაინც მისასალმებელი ტენდენციაა. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კლიენტებმა ყურადღება მიაქციონ, საიდან არის ნაძვი და მოითხოვონ სანერგის სერტიფიკატი, რადგანაც არის შემთხვევები, როდესაც ტყეში თხრიან ამონაყარს და მას რგავენ ქოთნებში, რაც ტყეს დიდ ზიანს აყენებს და არც გახარების შანსი აქვს ასეთ ნაძვს.

“ლოგიკური ნაბიჯებია, ალბათ, მას მერე, რაც ყველანი ვჭრიდით ხეებს, თავიდან აჟიოტაჟი იმაზე, რომ ჩვენ ხეებს არ ვჭრით, არის მისასალმებელი. შემდეგი საფეხური უნდა იყოს განათლება, რომ შენ მოგყავს ცოცხალი ხე და რაღაც ელემენტარული ცოდნა, როგორ უნდა მიხედო ამ ხეს, სჭირდება, და პლასტმასის ხეზე ცოტა მეტი უნდა იშრომო იმისთვის, რომ ამ ხემ გაიხაროს. ალბათ, ეს ეტაპიც დადგება და უკვე გადავალთ ამ საფეხურზე, რომ სწორ ადგილას გახარებულ ნაძვებს დავრგავთ,”- ამბობს ნატა ფერაძე.

“ყველა ყიდულობს, ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ, ყველამ არ იცის მოვლა” გვეუბნება აგროტექნოლოგი და ონლაინ-მაღაზია Greenarea-ს დამფუძნებელი ნინო ხარხელაური. იგი ამბობს, რომ თუკი მომხმარებლები დაიცავენ რამდენიმე წესს, ქოთანში ჩარგულ ნაძვის ხეს პრობლემა არ შეექმნება. იგი ნეტგაზეთთან სწორედ ამ წესებზე საუბრობს.

ხარისხიანი ნერგის შერჩევა

პირველი, რაც ქოთანში ჩარგული ნაძვის ხის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ, ხარისხიანი ნერგია.

“მცენარეს აუცილებლად კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა უნდა ჰქონდეს” – გვეუბნება ნინო ხარხელაური.

მისივე თქმით, როდესაც მცენარე მასობრივად იყიდება, შეიძლება ყველა ერთმანეთს ჰგავდეს, მაგრამ  უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორი მოვლილია. 

მისივე რჩევით, თუკი მცენარეების მოვლაში გამოუცდელი ხართ, სჯობს, იყიდოთ მცენარე, რომელიც ჯანსაღია და კარგად განვითარებული ფესვი აქვს. კითხვაზე, როგორ უნდა მიხვდეს მყიდველი, არის თუ არა ნაძვის ხე ჯანსაღი, იგი გვიხსნის:

“ვიზუალურად კარგად უნდა გამოიყურებოდეს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე არის, ფესვთა სისტემა როგორ არის განვითარებული. თუ თქვენ მოვლა იცით და ამ კუთხით კომპეტენტური ხართ, მაშინ შეიძლება ახალი გადარგული იყოს მცენარე, არ ჰქონდეს ფესვი კარგად განვითარებული, თქვენ მოუაროთ და პრობლება არ ჰქონდეს. მაგრამ ადამიანი, რომელსაც გამოცდილება არ აქვს და ყიდულობს მცენარეს, რომელსაც ფესვთა სისტემა კარგად არ აქვს განვითარებული, დიდი ხანი დევს ერთ ადგილზე და იქ შეიძლება მავნებლებიც გაუჩნდეს იმიტომ, რომ იმუნიტეტი უქვეითდება მცენარეს, მერე უკვე შეიძლება პრობლემები შეექმნას.

ვიზუალურად უნდა ვნახოთ, ახალი ფოთლები თუ აქვს წამოსული მცენარეს, წვეროები უნდა დავუთვალიეროთ ძირითადად იმიტომ, რომ მავნებლები და დაავადებები, ახალი ფოთლები სადაც არის, მცენარეს ძირითადად იქ უჩნდება. არ უნდა ჰქონდეს შემხმარი ფოთლები და ა.შ,”- ამბობს ნინო ხარხელაური.

მოვლა სახლის პირობებში

სახლის პირობებში ნაძვის ხის მოვლისას ხარხელაური გვირჩევს, რომ არ გამოვაშროთ ნიადაგი და მაღალ ტემპერატურაზე არ იყოს ნაძვის ხე.

“როცა ჩვენ მას შევიძენთ და გვაქვს სახლში, როდესაც გვინდა მოვრთოთ, აუცილებელია, მაშინაც კარგად მოვუაროთ. სახლის პირობებში, სამწუხაროდ, ჰაერი ძალიან მშრალია, ამიტომ აუცილებელია, არ გამოვუშროთ ნიადაგი, კარგად მოვრწყათ და ფითლები დავუნამოთ პერიოდულად.

მაინცდამაინც, გამათბობლებთან და გათბობასთან ნუ დავდებთ. საახალწლო პერიოდი ძალიან ხანგრძლივი არ არის, მაქსიმუმ, გვქოდეს სახლში ერთი თვე. თუ ვინმეს უნდა, რომ მერეც სახლში ჰქონდეს, ეცადოს, რომ ჰქონდეს გრილ და კარგად განათებულ ადგილას. ჩვენ თუ შევაჩვევთ ამ ნაძვს სახლში ძალიან სითბოს და მერე ავდგები და ყინვაში გადავრგავთ, ჩათვალეთ, რომ მას შეიძლება პრობლემა შეექმნას, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია,”- ამბობს ნინო ხარხელაური.

გადარგვა გარემოში

ნინო ხარხელაური გვეუბნება, რომ ყინვების პერიოდში ნაძვის ხის გადარგვა რეკომენდებული არ არის და უმჯობესია, გაზაფხულზე, ყინვის პერიოდის დასრულების შემდეგ გადაირგას. ასევე, გადარგვამდე ნიადაგს მომზადება სჭირდება:

“თუ არის ძალიან მძიმე ნიადაგი, ძალიან თიხნარი, აუცილებელია, ამოვიღოთ ცოტა დიდი ორმო,  იქ ნოყიერი ნიადაგი ჩავყაროთ და მერე ჩავრგოთ ეს მცენარე. აუცილებელია, კარგად მოვრწყათ.

წიწვოვანი მცენარე ვერ იტანს წყლის ჩადგმას, ამიტომ უნდა ვნახოთ, რამდენად ახერხებს წყალი გასვლას. შეგიძლიათ, ასე შეამოწმოთ: ამოიღეთ ორმო, ჩაასხით წყალი და დაელოდეთ, რამდენ ხანში ჩაიწრიტება ეს წყალი. თუ თქვენ მიხვედით და მეორე დღეს ისევ წყალი დგას, იქ გირჩევთ, რომ არ ჩარგათ. რომ ჩარგავთ, კარგად უნდა მორწყათ. თუ ზამთრის პერიოდში მოუწია ჩარგვა და გვიან შემოდგომაზე, და მერე ზამთარი მოვიდა, ისე ხშირი მორწყვა არ სჭირდება, მაგრამ ახალჩარგული არ უნდა გამოშრეს, ყურადღება უნდა მივაქციოთ და მოვრწყათ პერიოდულად. თუ წვიმებია, რა თქმა უნდა, არ სჭირდება.

ჩარგვის დროს აუცილებლად უნდა დავამაგროთ, რომ მცენარემ არ იმოძრაოს, ქარისგან რომ არ დაზიანდეს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ფესვი არ აქვს მას გადგმული. კარგად უნდა მივამაგროთ ჯოხზე და თოკით შევკრათ,”- გვეუბნება ის.

გადარგვა ახალ ქოთანში სახლის პირობებში

თუკი სახლში, სხვა ქოთანში გადარგვა და ყოველ ახალ წელს მისი მორთვა გსურთ, ხარხელაურის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის გადარგავთ. იგი ასევე ამბობს, რომ მცენარეს შეიძლება გადარგვა ორ  წელიწადში ერთხელ დასჭირდეს.

“ყოველთვის ვრგავთ ოდნავ დიდ ქოთანში. ვთქვათ, ნაძვის ხე 16-სანტიმეტრიან ქოთანში გვაქვს, მაქსიმუმ 20-სანტიმეტრიან ქოთანში უნდა გადავრგოთ. თუ დიდი მცენარეა, ქოთნის ძირსა და ამ მცენარის ფესვს შორის 4-5 სანტიმეტრი უნდა იყოს. თუ პატარა მცენარეა, მაშინ – 2 სანტიმეტრი. როდესაც ჩვენ ძალიან დიდ ქოთანში ვრგავთ, ჯერ ერთი, მოვლაც ძალიან რთულია, წყალს ვერ ვარეგულირებთ იმიტომ, რომ არის მიწა, სადაც ფესვები არ არის და წყალს რომ ვასხამთ, იქ ფესვები ვერ იწოვს.

ნიადაგი აუცილებლად უნდა იყოს მუქი ფერის, მსუბუქი ნიადაგი, ძალიან მძიმე ნიადაგებში არ არის რეკომენდებული არცერთი მცენარის ჩარგვა, რომ მცენარეს კარგად განუვითარდეს ფესვთა სისტემა. რაც შეეხება სასუქებს, არის კომპლექსური სასუქები, რომელიც სასურველია, ქოთანში თუ გვექნება, მით უმეტეს, რომ პერიოდულად მივცეთ. განსაკუთრებით, მარტიდან დაწყებული ოქტომბერ-ნოემბრამდე, თვეში ერთხელ მაინც,”- ამბობს ის.

ნინო ხარხელაური ასევე ამბობს, რომ ქოთანში ჩარგული ნაძვის ხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტაცია და ამასაც ყურადღება უნდა მიაქციონ მისმა მფლობელებმა:

“ვთქვათ, ადამიანმა იყიდა, ან გარეთ ჰქონდა და სახლში შეიტანა ნაძვი, მარტი, აპრილი, მაისი, სახლში იდგა, შემდეგ კი მწველ მზეზე გაიტანს გარეთ, ეს არ არის რეკომენდირებული არანაირად. ანუ, თუ გვინდა, რომ გარეთ გვქონდეს, მაშინ უნდა გავიტანოთ, როდესაც სითბოები დაიწყება, რათა მზეს და ყველაფერს შეეგუოს…  ეს ადაპტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მცენარეს რასაც შევაჩვევთ, ის მისთვის უკვე მისაღებია და ადვილი გადასატანია ის ბუნებრივი და კლიმატური პირობები,”-  გვეუბნება ნინო ხარხელაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი