სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა, რომ დენის ტარიფის ზრდა იმ ინვესტიციებმა გამოიწვია, რომლებიც კომპანიებმა უნდა განახორციელონ მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
“ტარიფების ზრდა “თელასისა” და “ენერგო-პრო ჯორჯიასთვის” განაპირობა იმ უპრეცედენტოდ მაღალი მოცულობის ინვესტიციამ, რომელიც უნდა განხორციელდეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მოხმარება არის სერიოზულად გაზრდილი, 2020 წლისთვის დაახლოებით 20%-ით გაიზრდება კიდევ მოხმარება. ეს არის სერიოზული გამოწვევა სექტორისთვის. ინვესტიციები უნდა განხორციელდეს ორი მიმართულებით: უნდა გაძლიერდეს გადამცემი და გამანაწებელი ქსელი და აუცილებლად უნდა მოხდეს ახალი ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია. მომდევნო სამ წელში განსახორციელებელი ინვესტიციის ჯამური რაოდენობა, გენერაციის ობიექტების ჩათვლით, აქ შედის მხოლოდ გენერაციის 8 ობიექტი, შეადგენს 1,2 მილიარდ ლარს. ძირითადად ამ ტარიფებში მოხდა ამ საინვესტიციო ვალდებულებების ასახვა”, – განაცხადა მილორავამ.
სემეკის თავმჯდომარის თქმით, 2015 წლისგან განსხვავებით, როდესაც ვალუტის კურსის ცვლილების გამო გაიზარდა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, წელს დოლარის კურსს გავლენა არ მოუხდენია ტარიფებზე.