ახალი ამბები

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

27 დეკემბერი, 2017 • 1670
პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პანკისში სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.
გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. პროკურატურის ცნობით, პროცესის ფარგლებში ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ტარდება.

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარდა სპეცოპერაცია, სადაც 5 ადამიანი: ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს. მაჩალიკაშვილი შუბლის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

სუს–ის ცნობით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ს 331 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს. სუს–ის ინფორმაციით, დაკავებული პირები გაბრიელ ბერის გამზირზე დაკავებულ პირებს დაეხმარნენ, რომ საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით გადმოელახათ, ასევე, დაეხმარნენ ბინისა და იარაღის მოძიებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი