“ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს სომხეთის შესაძლებელობები, თავისუფალი ეკონომიკური ზონების არსებობა იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ბაზრებზე გაყიდოს”.
ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ამ კუთხით, სომხეთში ნებისმიერ დარეგისტრირებულ კომპანიას შეუძლია ძალიან სასარგებლო იყოს. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ირანის საზღვართან შექმნილ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, რომელიც დიდ დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია და მომსახურება სხვა გადახდისუნარიან – ირანის ისლამური რესპუბლიკის ბაზარზე ექსპორტზე გავიდეს”, – განაცხადა სარგსიანმა.
სომხეთი რუსეთის მიერ შექმნილი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირის წევრი 2015 წელს გახდა. იქამდე სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო და შეთანხმებაზე ხელმოწერის მოლოდინი გაჩნდა, თუმცა მაშინ სომხეთში აქტიური დებატები დაიწყო იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი საინტეგრაციო პროექტი უნდა აერჩია ქვეყანას: ევროპული თუ ევრაზიული ინტეგრაციის. დღეს სომხეთში, როგორც უკვე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყანაში, მსგავსი დისკუსია აქტიური აღარ არის, რადგანაც გასაგები მიზეზების გამო, სომხეთმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. თუმცა სომხეთის საზოგადოება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკურ წარმატებას ვერ ხედავს.