შსს ჩხრეკის დროს ქალის საავადმყოფოში გადაყვანას მისი ჯანმრთელობის პრობლემით ხსნის

შსს-ს  გენერალური ინსპექცია  მოკვლევის შედეგბს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პოლიციის ჩხრეკა არ გამხადარა ქისტაურში ქალის ცუდად გახდომის მიზეზი. ამის მიზეზად გენერალური ინსპექცია თინათინ შენგელაიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

საუბარია სოფელ ქისტაურში 22 დეკემბერს ჩატარებულ ჩხრეკაზე, რა დროსაც  თინათინ შენგელაია ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს გენერალური ინსპექცია აცხადებს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას ჩხრეკსთან არავითარი კავშირი არ აქვს.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ შენგელაიას ოჯახში ჩხრეკა იძულების გარეშე ჩატარდა, ხოლო ოჯახის წევრებს არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ:

“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოვიდა მოქალაქე დ.ხ-ს შეტყობინება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოიკითხნენ დ.ხ. და მისი ოჯახის წევრები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის არაერთი მოსამსახურე, დაზუსტდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ, რითაც ირკვევა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა ყოველგვარი იძულებისა და ძალადობის გარეშე, რის შესახებაც შედგა შესაბამისი ოქმი. ამასთან, იმავე დღეს მოხდა საქმეზე მოქალაქე დ. ხ-სა და მისი ოჯახის წევრების მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მათ აღნიშნეს, რომ ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია გააჩნიათ “ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, შსს  განმარტავს, რომ შენგელაიას საავადმყოფოში გადაყვანა განპირობებული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით , ხოლო ამ ფაქტის დაკავშირება უწყების მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან არარელევანტურია.

ამასთან, გენერალური ინსპექცია გავრცელებულ განცხადებაში ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად აღწერს.

22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის რაიონ სოფელ ქისტაურში, საცხოვრებელ სახლში შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს, რა დროსაც თინათინ შენგელაია ავად გახდა და ინგოროყვას კლინიკაში მართვით სუნთქვაზე შეაერთეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან