თინა ხიდაშელის განცხადებით, შეხვედრის მიზანი იყო წინასაარჩევნო გარემოზე საუბარი:” მოგეხსენებათ, რომ ჩვენ განვაცხადეთ არჩევნების დანიშვნის დღიდან, რომ მზად ვართ როგორც ადგილობროვ, ისე საერთაშორისო თანამეგობრობასთან და იმ ხალხთან, ვინც არჩევნებს ტრადიციულად აკვირდება და დაინტერესებულია ამ პროცესებში, მუდმივმოქმედ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია. პროგრესზე, პრობლემებზე გავუზიაროთ მათ ჩვენი ხედვები და მათთან კონსულტაციით მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება, თუკი ასეთის აუცილებლობა დადგება.”
ხიდაშელის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ძირითადად, ერთი მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროს, უცხოეთში მყოფი ქართველების ამომრჩევლად რეგისტრაციის თემების გაიოლებაზე: “ამაში უზარმაზარი პროგრესი გვაქვს წინა წლებთან შედარებით. ასევე ვისაუბრეთ უწყებაშაშორის კომიისის გადასვლის საკითხზე იუსტიციის სამინისტროში. ჩვენი პარლამენტის მხრიდან საუბარი იყო იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გასულ კვირას განვახორციელეთ და გაგზავნილია ბატონ სააკაშვილან ხელმოსაწერად და დიდი იმედი მაქვს, ვეტოს არ დაადებს და ამ პროცედურას კიდევ უფრო მეტად არ გაჭიმავს. მეორე მხრივ, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რისთვისაც მეორე კვირას შეიკრიბება პარლამენტი, რომ პარტიების დაფინანსების კანონში მივიღოთ ცვლილებები.”

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, შეხვედრა წარმატებული იყო გამომდინარე იქედან, რომ მას ესწრებოდნენ, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
“როგორც ცნობილია, დაგზავნილია მოწვევა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ეუთო-სთან, ევროპის საბჭოსთან, ასევე ინდივიდუალურ ქვეყნებთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველანაირად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესაც”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
“დღევანდელ შეხვედრაზე შედარებითი ანალიზი გაკეთდა იმაზე, თუ როგორ ჩატარდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და როგორ მიდის მზადება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების რეგისტრაციის საკითხი უცხოეთში. საპარლამენტო არჩევნებზე მათ ჰქონდათ სერიოზული პრობლემა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა ის კანონი, რომელიც ითვალისწინებდა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის გავრცელებულ პროცედურებს. დღეს პროცედურები ძალიან გამარტივებულია და გამომდინარე აქედან, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც უცხოეთშია, შეეძლება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს აქვს ყოველთვიური კონტაქტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და მუდმივ კონტაქტში იმყოფება საქართველოს საელჩოებთან და საკონსულებთან უცხოეთში.
