“დავითაშვილის არის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი 25 წელია. ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენ-ჩვენი ხასიათები და ჩვენი გზა, მათ შორის პოლიტიკურ ცხოვრებაში, და აქ სიახლე არაფერია. კობა ქართულ პოლიტიკაში იყო და რჩება მოხეტიალე ფორვარდად, ვისაც ფეხბურთი გიყვართ, იცით, რომ ეს საკმაოდ საინტერესო ამპლუაა ფეხბურთის გუნდში და მას ძალიან ხშირად ლამაზი ფინთებიც გამოსდის ხოლმე. მე დარმწუნებული ვარ, რომ მას უნდა ქვეყნისთვის სამსახური და ასეთ დროს შესაძლოა განსხვავებული ფორმით და გზით ვხედავდეთ ხოლმე იმის გაკეთების შესაძლებლობას, რაც გვსურს. ის, რომ კობა დავითაშვილი უმრავლესობის შიგნით განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდა, არც ესაა თქვენთვის სიახლე.
ბატონმა ბიძინამ მას მოქმედების სრული თავისუფლება მიანიჭა და ამიტომაც ვამბობ, რომ ის მოხეტიალე ფორვარდის ამპლუაში იყო კოალიცია “ქართული ოცნების” გუნდში. ახლა მოახლოვდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, საპრეზიდენტო არჩევნები, და ასეთ დროს ყველა პოლიტიკოსი, ყველა პარტიის ლიდერი, ალბათ, იწყებს ფიქრს – ხომ არ არის დრო რაიმე ახალი ნაბიჯის. კობამ გადაწყვიტა ახალი ნაბიჯის გადადგმა და მე ვისურვებ, რომ მან კონსტრუქციული და სერიოზული და სასარგებლო როლი შეასრულოს ქვეყნის ცხოვრებაში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, დავითაშვილი არ იქნება კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის კონკურენტი და, შესაბამისად, არ შეაფასა მისი შანსები არჩევნებში:
“მე არა მგონია, რომ ბატონი კობა დავითაშვილი არის ჩვენი კანდიდატის – გიორგი მარგველაშვილის კონკურენტი, მე მგონი, ის უფრო სხვა კანდიდატების კონკურენტია და იმ სხვა კანდიდატებმა თავად იფიქრონ და იზრუნონ ამაზე.”
დავითაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას და აპირებს კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში.
