საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქისტაურში პოლიციელის მიერ ჩხრეკის დროს ცუდად გამხდარი ქალის საქმესთან დაკავშირებით მოუწოდებს შსს-სა და გენერალურ ინსპექციას, ოპერატიულად და ეფექტურად შეისწავლოს მომხდარი ფაქტი.
2017 წლის 22 დეკემბერს, გამთენიისას ათამდე შეიარაღებულმა სამართალდამცავმა იარაღის აღმოჩენის მიზნით დავით ხოსიაშვილის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. ამ დროს სახლში მისი 31 წლის რძალი თინათინ შენგელია და 1 წლის ბავშვი იმყოფებოდნენ. ჩხრეკისას თინათინ შენგელია შეუძლოდ გახდა და ამ დრომდე, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაში. ოჯახის წევრთა განცხადებით, სამართალდამცავები პოლიციელებისთვის შეუფერებლად იქცეოდნენ და სახლიდან ისე წავიდნენ, რომ დახმარება არ შეუთავაზებიათ.
“სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ არ გაგრძელდება მანკიერი პრაქტიკა და საქმის შესწავლას რეალური შედეგი უმოკლეს დროში მოჰყვება. არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები და შესაძლო გადაცდომის ჩამდენი კონკრეტული პირები გამოვლინდებიან და მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამართალდამცავებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები, რათა არ შეილახოს პირის ფუნდამენტური – სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებები,”- აცხადებს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის განცხადებით, თვალყურს მიადევნებენ გენერალური ინსპექციის მიერ საქმის შესწავლის პროცესს.