ახალი ამბები

ომბუდსმენი: რატიანის საქმე პოლიციელების უფლებამოსილების გადამეტების ტენდენციის გამოვლინებაა

25 დეკემბერი, 2017 • 2310
ომბუდსმენი: რატიანის საქმე პოლიციელების უფლებამოსილების გადამეტების ტენდენციის გამოვლინებაა

სახალხო დამცველი ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ზვიად რატიანის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და აცხადებს, რომ მისი საქმე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ტენდენციის გამოვლინებაა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზვიად რატიანის საქმე განყენებულად არ უნდა იქნას განხილული, რადგან იგი პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ტენდენციის გამოვლინებას წარმოადგენს, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობდა 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ მოქალაქეთა ნდობის აღდგენისთვის, რაც შს მინისტრის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს, თითოეული ფაქტის გამოძიებაა აუცილებელი. ამ კუთხით სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას შემთხვევის საბოლოო გამოძიებამდე ერთ-ერთი პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

სახალხო დამცველი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საქმის თავდაპირველ შესწავლასა და პირველად მოქმედებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა, რაც ეწინააღმდეგება საგამოძიებო ქვემდებარეობის დადგენილ წესსა და გამოძიების ეფექტიანობის საერთაშორისო სტანდარტებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზვიად რატიანი დაექვემდებარა სავარაუდო არასათანადო მოპყრობას სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას, რომლის ფარგლებშიც 52 000–მდე პირი იქნა გადამოწმებული. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ არასათანადო მოპყრობის ან პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს – 1481.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ მისი წარმომადგენლები ზვიად რატიანს შეხვდნენ და გაესაუბრნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს როგორც ზვიად რატიანის სასამართლო პროცესის, ისე  არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ 127 პირი დააკავეს.

საპოლიციო შემოწმებისას დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი, რომელის პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, იმის გამო, რომ ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა. მის გარდა გარდა, გენერალური ინსპექცია კიდევ რამდენიმე მსგავს ფაქტზე იკვლევს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, მათ შორის არის 31 წლის თინათინ შენგელიას საქმეც. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. თინათინ შენგელიას მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

შსს-ს აღნიშნული ბრძანება “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. EMC-ში აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამართლებრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი