“დღევანდელ სხდომაზე მოვისმენთ ყველა იმ საკითხს, რომელიც წინასაარჩევნოდ აქვთ დაყენებული არასამთავრობო ორგანიზაციებს და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, შესაბამისად, ყველა ამ საკითხს განვიხილავთ. როგორც ვიცი, დღევანდელ სხდომას შსს-ს წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლის მიმართაც არსებობს პრეტენზიები. მოგეხსენებათ, დღეს ტარდება მორიგი სხდომა უწყებათაშორისი კომისიის, რომელიც მუშაობს უშიშროების საბჭოს ფორმატში. იცით, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავიდეს. საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ეს ფორმატი იუსტიციის სამინისტროში უფრო ეფექტური იქნება, თუმცა ეს კანონი ჯერ ძალაში შესული არ არის”, – განაცხადა კომისიის სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინე იმერლიშვილმა.

 

დღევანდელ სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილება: კასპის რაიონში სკოლის დირექტორებთან დაკავშირებულ საქმეებზე მოხსენებებს წარადგენენ შსს-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილი და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური; ასევე, კომისია მოისმენს შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლების ინფორმაციას ძალადობისა და წინასაარჩევნო პერიოდის დაკავევების ფაქტებზე; აჭარის ბიუჯეტში წინასაარჩევნოდ შეტანილ ცვლილებებზე და რეგიოენებში სამსახურიდან დათხოვნის ფაქტებზე ისაუბრებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი. დღევანდელ სხდომაზე, ასევე, განხილული იქნება სახელმწიფო დაწესებულებებში საჯარო მოხელეების გამოკითხვის შესახებ ცნობები და პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაცია საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

 

“საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი, პირველ რიგში, არის ის, რომ მოისმინონ პოლიტიკური პარტიების ინფორმაცია, თუ რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო და რამდენად აქვთ მათ საშუალება წინასაარჩევნო კამპანია დაიწყონ:

 

“მეორე მხრივ, საუბარი იქნება გარკვეულ პრობლემებზე, რომლებზეც უწყებები ისაუბრებენ და თავიანთ ხედვებს და მოსაზრებებს გაგვაცნობენ. ჩვენი მზრიდან კი, ალბათ, ვისაუბრებთ იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იყოს დაძაბულობა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერის დროს შეინიშნებოდა გარკეული აგრესიული ქმედებები სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. მნიშვნელოვნია, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს და შსს-მ შესაბამისი ქმედებები დაგეგმოს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ უწყებებმა თავი უნდა შეიკავონ სოციალური რეკლამებისგან, ისეთი ტიპის რეკლამებისგან, რომელიც პოპულარიზაციას ახდენს ამა თუ იმ უწყების და კიდევ ერთი თემა, რაზეც “ნაციონალური მოძრაობა” დღეს ისაუბრებს, ეს შეეხება გარკვეული პირების დაბარებას და დაკითხვას სამართალდამცავ უწყებებში. ამაზე გვინდა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

 

კომისიის სხდომა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *