ახალი ამბები

ელენე ხოშტარია: “რეიდების’ ნაცვლად სჯობს შსს დაუსჯელობის სინდრომს ებრძოლოს

25 დეკემბერი, 2017 • 2148
ელენე ხოშტარია: “რეიდების’ ნაცვლად სჯობს შსს დაუსჯელობის სინდრომს ებრძოლოს

“ევროპული საქართველოს” წევრი, პარლამენტარი ელენე ხოშტარია მოუწოდებს შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომ საპოლიციო შემოწმების ნაცვლად რეალურად იბრძოლოს დანაშაულთან.

ელენე ხოშტარია მოუწოდებს შს მინისტრს, კრიმინოგენური ვითარების გამოსასწორებლად ნუ გამოიყენებს რეიდების მოძველებულ ფორმას.

“ჩვენ ვნახეთ კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ლოგიკური იყო პოეტთან დაკავშირებით, მისი უფლებები უხეშად დაირღვა. პოეტის მსგავსად უამრავი შემთხვევა იქნება და რეიდი მოიცავს, ბუნებრივია, ამ საფრთხეს. მოვუწოდებ შს მინისტრს, ძველ რეიდებს, რომელიც კარგად ვიცით, რისი მომტანია, რეალურად გააგრძელოს დანაშაულთან ბრძოლა, გაქრეს დაუსჯელობის სინდრომი, რომელმაც თავის დროზე გააღვივა ეს ვითარება, როცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ არ დაისჯებიან”, – ამბობს ელენე ხოშტარია.

პარლამენტარი ამბობს, რომ ფორმა, რითიც შს მინისტრმა დაიწყო კრიმინალთან ბრძოლა, აბსოლუტურად არაეფექტურია და ადამიანის უფლებების დარღვევის დიდ საფრთხეს შეიცავს.

“ჩვენ ვიცით ეს ძალიან კარგად, გამოვლილი გვაქვს თავის დროზე. რეალურად ეს არის მასიური საფრთხის შექმნა წესიერი მოქალაქეებისთვის, როდესაც პოლიცია გამოდის მასიურად ქუჩაში და არღვევს ადამიანის უფლებებს”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია შს მინისტრს ახსენებს თავისსავე ნათქვამს, რომ შს სამინისტროს მთავარი ამოცანა, კრიმინალთან ბრძოლასთან ერთად, ადამიანის უფლებების დაცვაა და ამიტომ მსგავსი ღონისძიებები მხოლოდ დაამძიმებს ვითარებას.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ 127 პირი დააკავეს.

საპოლიციო შემოწმებისას დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი, რომელის პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, იმის გამო, რომ ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა. მის გარდა გარდა, გენერალური ინსპექცია კიდევ რამდენიმე მსგავს ფაქტზე იკვლევს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, მათ შორის არის 31 წლის თინათინ შენგელიას საქმეც. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. თინათინ შენგელიას მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

შსს-ს აღნიშნული ბრძანება “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. EMC-ში აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამართლებრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი