ახალი ამბებისამართალი

ერთდროულად რამდენიმე პოლიციელი მირტყამდა უმიზეზოდ – ზვიად რატიანი გათავისუფლების შემდეგ

24 დეკემბერი, 2017 •
ერთდროულად რამდენიმე პოლიციელი მირტყამდა უმიზეზოდ – ზვიად რატიანი გათავისუფლების შემდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება, ზვიად რატიანი კი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ მას არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა.

“რამდენიმე პოლიციელი მირტყამდა ერთდროულად. მიზეზში გარკვევაც ვერ მოვასწარი. ერთადერთი, რაც ახსენეს, ჩემი ქურთუკის ფერი [ნარინჯისფერი] იყო, რომელიც მათი მოსაწონი არ გამოდგა. დანარჩენი არაფერი ვიცი. მანქანაში მცემდნენ. 7 ან 8 პოლიციელი მაინც იყო. რომელი აქტიურად მონაწილეობდა და რომელი არა, მაგრამ ცნობით ვიცნობ სახეზე ყველას. მე მგონი, თვითონაც არ გაუჭირდებოდათ ჩემი ამოცნობა,” – განუცხადა ნეტგაზეთს ზვიად რატიანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.

რატიანის თქმით, მთელ სხეულზე, მათ შორის სახეშიც, ათზე მეტი დაზიანება აღენიშნება, რაც დროებით მოთავსების იზოლატორში დააფიქსირეს. როგორც პოეტი ამბობს, პოლიციელები ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას და აცხადებენ, რომ ეს დაზიანებები დაკავებამდე ჰქონდა მიყენებული.

“ხვალ დილით იქნება სასამართლო და ვნახოთ…”

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის დროს წუხელ დააკავეს. პოეტი სამართალდამცველებს ცემასა და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს. სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. გენერალური ინსპექციის განცხადებით, წინასწარი მოკვლევით, იკვეთება ერთი პოლიციელის მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გადაცდომა, რის გამოც საბოლოო გამოძიებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერდა.

პოეტი ზვიად რატიანი გათავისუფლების შემდეგ. ფოტო: ნინო ბექიშვილი

[red_box]საპოლიციო კონტროლი[/red_box]

პოეტ ზვიად რატიანის გარდა, გენერალური ინსპექცია კიდევ რამდენიმე მსგავს ფაქტზე იკვლევს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, მათ შორის არის 31 წლის თინათინ შენგელიას საქმეც. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. თინათინ შენგელიას მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ 127 პირი დააკავეს.

შსს-ს აღნიშნული ბრძანება “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. EMC-ში აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამსართლებრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი