ახალი ამბები

გინების გამო კვირიკაშვილისთვის ადმინისტრაციული ოქმის შედგენას მოითხოვენ

21 დეკემბერი, 2017 • 3818
გინების გამო კვირიკაშვილისთვის ადმინისტრაციული ოქმის შედგენას მოითხოვენ

ორგანიზაცია “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” წარმომოდგენელმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ დღეს, 21 დეკემბერს მიმართა პოლიციას და გინების გამო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის ადმინისტრაციული ოქმის შედგენა მოითხოვა:

“გარდა პოლიტიკური პასუხისმგებლობისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდართვევათა კოდექსის 166-ე მუხლი – წვრილმანი ხულიგნობა. დღეს, 14:30 საათზე ,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი” ოფიციალურად მივმართავთ საპატრულო პოლიციას განცხადებით, რათა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიმართ შედგეს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი, კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში წარსადგენად,”- წერს ზვიად კუპრავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წვრილმანი ხულიგნობა შემდეგნაირად არის განმარტებული:

“წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს”.

ამ მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

20 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში დეპუტატ ნიკა მელიას აგინა. ამას წინ უძღოდა მწვავე კამათი კვირიკაშვილსა და მელიას შორის:

“შენ ხარ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი,” – მიაძახა ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს პარლამენტში ჟურნალისტების თანდასწრებით  აგინა.

კითხვით, თუ რა რეაგირება ექნება უწყებას, ნეტგაზეთმა შსს-ს პრესსამსახურს უკვე მიმართა. მათ პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი