ახალი ამბები

ჩვენ შესახებ ჩვენთან ერთად – სოციალური მუშაკების აქცია რეფორმის პროცესში ჩართვის მოთხოვნით

21 დეკემბერი, 2017 •
ჩვენ შესახებ ჩვენთან ერთად – სოციალური მუშაკების აქცია რეფორმის პროცესში ჩართვის მოთხოვნით

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა  პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩართვა იყო. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა პროცესს კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანს.

“აქციის მთავარი მოთხოვნა არის, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ოფიციალურად. თავის სამუშაო აღწერილობით, პროცესი იყოს გაწერილი, რომ ყველამ ვიცოდეთ, ვინ არის ჯგუფის წევრი, გაიწეროს ყველა შეხვედრა, თავის დღის წესრიგი და ასე დაფორმალიზებულ ჯგუფში მოგვცენ მუშაობის  საშუალება ჩვენი პროფესიის განვითარებისთვის,” – ამბობს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო შატბერაშვილი.

შატბერაშვილის თქმით, აქამდე პროცესი თანასწორობის პრინციპების დაცვით არ მიმდინარეობდა:

თანამონაწილეობითი პროცესი თანასწორობის პრინციპებზე უნდა იყოს და პარლამენტარებისგან, რომლებსაც ვქირაობთ, არ მოვითმენთ ყველა კრიტიკულ შენიშვნაზე ან მოსაზრებაზე რეგლამენტისაკენ მითითებას, მიკროფონების  გამორთვას და ასეთი არაკომპეტენტური ხალხის მიერ ჩვენი პროფესიის შესახებ კანონის მომზადებას ისე, რომ კონცეპტუალური ჩარჩო რა იყო, არავინ ვიცით,” – ამბობს შატბერაშვილი.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის მენეჯერის, ზურაბ ტატანაშვილის თქმით, რომელიც თსუ-ს მოწვეული ლექტორია, პროფესიული თემის წარმომადგენლებმა გუშინ პარლამენტიდან წერილი მიიღეს, რომელშიც სამომავლო გეგმებზეა საუბარი:

“წერილი მივიღეთ, დრაფტიც გამოგვიგზავნეს. ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გაცილებით უფრო კონსტრუქციული ტონი არის ამ წერილში, ვიდრე კომიტეტის მოსმენაზე იყო. კომიტეტის მოსმენაზე საკმაოდ არაკონსტრუქციულ პროცესს ჰქონდა ადგილი და, ჩემდა სამწუხაროდ, საკმაოდ დისკრიმინაციული იყო პროცესი. ვერ ვიგრძენით სოციალურმა მუშაკებმა მზაობა იმისი, რომ ჩვენი მოსაზრებები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, თუმცა გუშინდელ წერილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი გეგმები, რაც ჩანს, თითქოს უფრო კონსტრუქციულია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ეს აქცია უფრო არის იმ დამოკიდებულების გასაპროტესტებლად, რომელიც გამოჩნდა აქამდე წარმართულ პროცესში,” – ამბობს ტატანაშვილი.

სოციალური მუშაკის თქმით, მისი და მისი კოლეგებისთვის გაუგებარია კვლევის მეთოდოლოგია, რომელიც საფუძვლად დაედო კანონპროექტის სამუშაო ვერსიას და პროცესში პროფესიული თემის ჩართულობის აუცილებლობას ხედავს:

“კანონის შემუშავებაში გვითხრეს, რომ  გარკვეული სიტუაციის ანალიზი გააკეთეს, თუმცა ჩვენ ამ სიტუაციის ანალიზის არც ანგარიში გვინახავს და  მეთოდოლოგიაც კითხვის ნიშნებს ბადებს. იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ თუ არა ის ადამიანები, რომლებმაც ეს პროფესია საქართველოში შემოიტანეს და წინა ხაზზე ვართ, ფაქტობრივად,  ამ პროფესიის განვითარების, ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს აქამდე,” – ამბობს ტატანაშვილი.

დოკუმენტის სამუშაო ვერსიას აკრიტიკებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ხელმძღვანელიც. ნინო შატბერაშვილის თქმით, მასში ბევრი ასპექტი ბუნდოვანია:

“არის რამდენიმე საკითხი, რომელიც საერთოდ გაუგებარია, რა სახის ფორმულირება აქვს, ან რას ემსახურება. მაგალითად, ბუნდოვანია რეგულირების საკითხი. როგორ უნდა დარეგულირდეს პროცესი და ისე არ მოხდეს, რომ სოციალური მუშაკი შეუძლია გახდეს ყველას. ეს საჭიროებს ექსკლუზიურ ცოდნას და მხოლოდ სპეციალური ცოდნის ბაზის მქონე სოციალურ მუშაკებს შეეძლოთ უშუალო პრაქტიკის განხორციელება.

დოკუმენტში გაუგებარია, რას გულისხმობს სერტიფიცირება, რაც ნახსენებია, რეგულირების პროცესი როგორ უნდა იყოს, ვინ უნდა მონაწილეობდეს, გარდამავალი პროცესი რას გულისხმობს. ასევე, სპეციალიზაციის საკითხი სრულიად მიუღებლადაა. სპეციალიზაციის საკითხი ხორციელდება უწყების მიხედვით. თუ უწყებებმა თავად უნდა არეგულირონ, რა უნდა აკეთოს მათმა სოციალურმა მუშაკმა, ამას საერთოდ რაში სჭირდებოდა ქოლგა კანონის შექმნა. ახლაც არის ამოხლეჩილად კანონებში პასაჟები. ეს  უნდა იყოს სფეროების მიხედვით, ან მეთოდების მიხედვით, ან სამიზნე ჯგუფების მიხედვით,” – ამბობს შატბერაშვილი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული თემი პროცესის საწყის ეტაპზე ჩაერთვებოდა დოკუმენტის შემუშავებაში, დოკუმენტში ამდენი ხარვეზი არ იქნებოდა. მათ შორისაა შემთხვევების რაოდენობა, რომელზეც ერთმა სოციალურმა მუშაკმა თვის განამვლობაში უნდა იმუშაოს:

“რამდენი შემთხვევა უნდა აიღოს სოციალურმა მუშაკმა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სახის სამუშაოს ასრულებს. ერთ სამიზნე ჯგუფთან, ერთი ფუნქციით, შეიძლება სულ სხვა  ოდენობის შემთხვევები აიღოს და მეორე სამიზნე ჯგუფთან, სხვა ოდენობა. ეს კიდევ ერთი დიდი სისულელეა, რაც არის ასე ხისტად განსაზღვრული. შეიძლება, ისეთი შემთხვევები ჰქონდეს, ორზე მეტს ვერ გაუძღვეს და შეიძლება ისეთი ინტერვენცია დასჭირდეს, 30 შეძლოს და 50. სოციალურ მუშაკებს უნდა მიეცეთ სოციალური სამუშაოს აღსრულების შესაძლებლობა,”  – ამბობს შატბერაშვილი.

აქციის დასრულების შემდეგ, სოციალურმა მუშაკებმა პროფესიის შესახებ ლიტერატურა მთავრობის კანცელარიასა და პარლამენტში შეიტანეს:

შევუგზავნეთ ლიტერატურა, რომ აიმაღლონ ცნობიერება ჩვენი პროფესიის შესახებ და თანამონაწილეობით პროცესზეც, რომ იცოდნენ, რა იგულისხმება, როცა ვამბობთ, თანასწორი თანამონაწილეობის პროცესი,” – ამბობს შატბერაშვილი.

სოციალური მუშაობის შესახებ კანონპროექტის შექმნას მიესალმება სოციალური მომსახურების სააგენტო. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება როგორც სახელმწფიო უწყებებში, ისე არასამთავრობო სექტორში, და პროფესიის აქტუალობიდან გმაომდინარე, ძალიან დროული და მნიშვნელოვანია მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიის სწორ განვითარებას:

“ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიის გასაძლიერებლად და უკეთ მხარდასაჭერად აუცილებელია მისი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა. ჩვენი უწყებები მზად არიან, ითანამშრომლონ სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორთან თანამედროვე საჭიროებებზე ორიენტირებული, ეფექტური და მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზებას, მის პრესტიჟულ პროფესიად ქცევას, დაეხმარება პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს სამუშაოს ეფექტურად წარმართვასა და საქმიანობის ხარისხის ამაღლებაში – საზოგადოების მოთხოვნების და გამოწვევების საპასუხოდ” – ნათქვამია განცხადებაში.

ვრცლად, რას ითვალისწინებს კანონპროექტი, წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი