ახალი ამბები

ინაშვილი პრემიერს: შემექმნა შთაბეჭდილება, რომ “პატრიოტების” ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდებით

20 დეკემბერი, 2017 • 4634
ინაშვილი პრემიერს: შემექმნა შთაბეჭდილება, რომ “პატრიოტების” ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდებით

დღეს, 20 დეკემბერს, ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის პარლამენტარების შემდეგ, მთავრობის წევრებმა პატრიოტთა ალიანსის კითხვებს უპასუხეს. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც პრემიერისა და პატრიოტთა ალიანსის პოზიციები ემთხვეოდა.

შეხვედრის ბოლოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ მას შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს პრემიერი მისი გუნდის ლიდერი ყოფილიყოს, რადგან მან ზუსტად ის პოზიცია დააფიქსირა, რაც აქვთ “პატრიოტებს”.

“სხვათა შორის, ბატონო გიორგი, არ დაგიკარგავთ იმასაც, რომ დღეს თქვენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირეთ ზუსტად ის პოზიცია, რასაც ჩვენ ვითხოვდით თქვენგან. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ერთ-ერთი ლიდერი და წევრი ბრძანდებით პატრიოტთა ალიანსის, ჩვენი ფრაქციის, ისე საუბრობდით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ცხინვალზე და სოხუმზე. ეს კარგია, მაგრამ ტრაგედია არ არის იმაში, თუ ჩვენ არ ვიქნებით პრემიერიები თუ ვიცესპიკერები. ჩვენზე უკეთესი ხალხიც არსებობს ამ ქვეყანაში, ეს აზროვნებაც უნდა გამოვიმუშაოთ,” – მიმართა ირმა ინაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს.

მანამდე ირმა ინაშვილი გამოეხმაურა პრემიერისა და ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაპირიპირებას. პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვაზე განაცხადა, რომ კვირიკაშვილის მიერ დეპუტატ ნიკა მელიას გინება “ნაციონალური მოძრაობის” “დაუსჯელობის” ბრალია.

შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ალიანსი ორი თვის განმავლობაში მართავდა შიმშილობის აქციას პარლამენტის წინ და მოითხოვნდნენ მთავრობის სრულად გადადგომას, პირველ რიგში კი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის: “იმ საქართველოს რა ვუთხარი, ნიკა მელია რომ გაგიბლატავდებათ.”

მანამდე:

20 დეკემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ინციდენტი მოხდა, მთავრობის ლიდერები ოპოზიციონერი პარლამენტარების კითხვებს პასუხობდნენ. ყველაზე მეტად სიტუაცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრისას გამწვავდა. ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს სამარცხვინო უწოდა, ასევე, კორუფციულ გარიგებებში და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მთავრობის წევრებმა დარბაზის დატოვება დაიწყეს, გიორგი კვირიკაშვილმა კი ჟურნალისტების თანდასწრებით ნიკა მელიას აგინა.

მალევე პრემიერმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას ზედმეტი ემოციებისთვის და განაცხადა, რომ “რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ჯერ ღირსების დაცვა ავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი