ახალი ამბები

7 თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება ერთიანი სტრატეგიის გარეშე მოხდა – კვლევა

20 დეკემბერი, 2017 •
7 თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება ერთიანი სტრატეგიის გარეშე მოხდა – კვლევა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” შეფასებით 7 თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება მუნიციპალიტეტებთან ქაოსური და დაუგეგმავი პროცესი იყო.

დღეს, 20 დეკემბერს, ორგანიზაციებმა კვლევის პრეზენტაცია გამართეს. საიას იურისტის, ირმა პავლიაშვილის თქმით, მათ აქვთ რეკომენდაციები სახელმწიფოს მიმართ, რომლებიც სამომავლოდ უნდა განხორციელდეს.

[checklist]

  • უნდა იყოს ერთიანი ხედვა–სტრატეგია იმისა, თუ საით ვითარდება თვითმმართველობა. დოკუმენტი, სადაც აისახება ერთიანი ხედვა, რათა თვითმმართველობის განვითარების პროცესი ერთიანობაში გაგრძელდეს და კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ იყოს.
  • მუნიციპალიტეტების ფორმირების პროცესში მოქალაქე უნდა მონაწილეობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ თვითმმართველობის არსი იკარგება.
  • საარჩევნო წელს მსგავსი ტიპის ცვლილებები არ უნდა ხორციელდებოდეს და საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს. მაგალითად, ერთწლიანი შეზღუდვ რომ საარჩევნო წელს არ მოხდეს.

[/checklist]

ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო წელს მსგავსი ცვლილების განხორციელებამ ის განაპირობა, რომ სასამართლოში გაასაჩივრეს მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე პარლამენტის დადგენილება, თუმცა, როგორ დასრულდება ეს დავა, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები უკვე ჩატარდა, აირჩიეს ახალი თვითმმართველობები, არავინ იცის.

პავლიაშვილის თქმით, კვლევით დადასტურდა ის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონია ერთიანი ხედვა–სტრატეგია თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ამ პროცესში, არ იყო ერთიან სტრატეგიაში დანახული.

იურისტის თქმით, მოქალაქეთა ჩართულობა არ მომხდარა ამ პროცესში, არ გამართულა საჯარო განხილვები, ხოლო საკრებულოებმა გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტების გაერთიანების თანხმობაზე ნაჩქარევად მიიღეს.

“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” კვლევა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შინაარსობრივ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას.

ორგანიზაციის იურისტი ლელა ხათრიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანება მოხდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ძალიან  მსხვილი თვითმმართველი ერთეულებია,  სადაც ცხოვრობს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა, რაც უშლის ხელს მოსახლეობისა და თვითმმართველობის მჭიდრო კავშირს.

ხათრიძის თქმით, რაც უფრო დემოკრატიულია სახელმწიფო, მით უფრო მცირე ადამიანი ცხოვრობს ერთ თვითმმართველ ერთეულში. ხათრიძემ მაგალითად დაასახელა საფრანგეთი, სადაც საშუალოდ 2000 ადამიანი ცხოვრობს ერთ თვითმმართველობის ერთეულში, საქართველოს მაჩვენებელს 60 000-ს აღწევს.

ხათრიძე ამბობს, რომ გაყოფის შედეგად 2014 წელს ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტებს დამოუკიდებელი ბიუჯეტები გაუჩნდათ, გაერთიანების შემდეგ კი მათ ერთი ბიუჯეტი ექნებათ, რაც გამორიცხავს იმას, რომ განსხვავებული ინტერესები ადეკვატურად იქნება ასახული, შესაბამისი საჭიროებები იქნება გაერთიანებულ ბიუჯეტებში.

ლელა ხათრიძემ ახალციხის მაგალითზე აჩვენა ის დისპროპორცია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის იხარჯება. ხათრიძე ამბობს, რომ რომ 2014 წლამდე ქალაქ ახალციხეშიცხოვრობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის 40%, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში- მოსახლეობის 60%. ერთიანი ბიუჯეტიდან ქალაქი ახალციხე მოიხმარდა ბიუჯეტის 96%–ს, თემის მოსახლეობა კი – 4%–ს.

2017 წელს საქართველოს მთავრობამ 7 ქალაქი: ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი გააერთიანა შესაბამისი თემების მუნიციპალიტეტებთან. ამ ქალაქებმა თვითმმართველი ქალაქების სტატუსი 2014 წლის რეფორმის შედეგად მიიღეს, რის შედეგადაც ისინი გამოეყვნენ თემის მუნიციპალიტეტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი