ახალი ამბები

ჩვენი ინვესტიცია მომავლის კაპიტალია საქართველოსთვის

29 ივლისი, 2013 • 1611
ჩვენი ინვესტიცია მომავლის კაპიტალია საქართველოსთვის

პიტერ რაე, აჭარისწყლის ჰიდროენერგოპროექტის დირექტორი
პიტერ რაე, აჭარისწყლის ჰიდროენერგოპროექტის დირექტორი

ბატონო პიტერ, აჭარაში ჰესების მშენებლობაზე ორი ინვესტორი მუშაობს. თქვენი კომპანიის ინვესტიცია რომელი წყალსაცავების მშენებლობაშია ჩადებული და რა მიზანი გაქვთ?

 

ჩვენი ინვესტიცია მომავლის კაპიტალია საქართველოსთვის. პროექტი, რომელიც მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა, სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ აჭარის რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ არის ნორვეგიული კომპანია
Clean Energy Group-ის შვილობილი კომპანია. მეორე მეწილეა ინდოეთიდან, “ტატა ჯგუფი” და მესამე მეწილეა საერთაშორისო საფინანსო კომპანია IFC InfraVentures-ი. პროექტი გულისხმობს სამი მდინარის: აჭარისწყლის, სხალთისწყლისა და ჩირუხისწყლის ჰიდროპოტენციალის ათვისებას. მდინარე ჩირუხისწყალზე დაგეგმილია მცირე დამბა, შემდეგ გვირაბის საშუალებით წყალი გადადის სხალთის ხეობაში, სადაც გაკეთდება პატარა კაშხალი და ჰესი. მეორე კაშხალი დაგეგმილია სოფელ დიდაჭარასთან ახლოს, მდინარე აჭარისწყალზე.

 

პროექტის მომგებიანობა ქართული სახელმწიფოსთვის რაში გამოიხატება?

 

ჩვენი პროექტის შედეგად ჩვენი ჰესები ბევრად მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც საკმარისზე მეტი იქნება ადგილობრივი ბაზრისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, პირველ წლებში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიყიდება თურქეთში. მიღებული შემოსავალი გარკვეული სახით შევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე პროექტი საშუალებას მისცემს საქართველოს, გამოიყენოს მისი ენერგეტიკული რესურსი ზამთარში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

 

სტრატეგიულად თუ შევხედავთ, ეს პროექტი არის საქართველოს ეკონომიკური აქტივი. სამომავლოდ, თურქეთსა და საქართველოს ბაზარს შორის ელექტროენერგიის ის ფასთა სხვაობა, რაც დღესაა, თუ გაქრება, მაშინ შესაძლებელია მეტი ელექტროენერგია დაიხარჯოს საქართველოში. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის შიდა პროდუქტის გაზრდას, მისი ეკონომიკის განვითარებას, რადგან ხალხს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს მეტი ელექტროენერგია, როგორც ძირითადი ინფრასტრუქტურის ნაწილი.

 

არსებობს თუ არა მოსახლეობის განსახლების გეგმა?

 

ჩვენი პროექტი არ მოითხოვს მოსახლეობის იმ ადგილებიდან გაყვანას, სადაც ცხოვრობენ. ორივე ჰესი, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი, დაუსახლებელი, ტყიანი ან საძოვრების განაპირა ფართობია. რაც შეეხება სხვა სამშენებლო ინფრასტუქტურას, როგორიცაა სამშენებლო ბანაკები, ისინი განთავსდება ყოფილი ინდუსტრიული ფუნქციის მქონე შენობების ადგილას, რომლებიც დიდი ხნის წინ მიტოვებულია.

 

მოსახლეობა, რომელიც ადრე ჩართული იყო სასოფლო მეურნეობის საქმიანობაში, ისევ გააგრძელებს ამ წესით ცხოვრებას. კაშხლის მშენებლობა არ უშლის მათ ხელს. გარკვეული ზეგავლენა იქნება მხოლოდ მშენებლობის დროს, როგორიცაა, მაგალითად, მტვერი და ხმაური. მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულდება, ამ პროექტს ექნება მცირე
ზეგავლენა გარემოზე. გვირაბები ძირითადად იქნება მიწის ქვეშ, მას ვერ დაინახავთ, ნებისმიერი მიწის ნაკვეთი, ეს
იქნება მუნიციპალური თუ საკუთარი, ის უნდა დარჩეს იმ ფორმაში, რომ შეძლონ მათი გამოყენება. მე ვფიქრობ, ეს
პროექტი უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

 

ჩვენ ვთავაზობთ მათ სამუშაო ადგილებს. მშენებლობის პიკის დროს ხეობაში დასაქმდება ათასობით ადამიანი. ჰესების ოპერირების ფაზაში მცირე რაოდენობით, მაგრამ მუდმივი სამუშაო ადგილები იქნება.

 

კაშხლის ამოქმედებისათვის სხვა პროექტების ჩართვაცაა საჭირო. როგორც ვიცით, იგეგმება მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანა. არც ამ შემთხვევაში არ ელოდება მოსახლეობას განსახლება?

 

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის პროექტს ორი მიზანი აქვს. ერთი ისაა, რომ ეს გადამცემები ჩვენს პროექტს სჭირდება სისტემაში ჩართვისთვის, მეორე ის, რომ უნდა გაუმჯობესდეს არსებული ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა. პროექტს საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა ახორციელებს.

 

ჩვენ მხოლოდ პროექტირებასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება გვევალება. ამჟამად გადამცემი ხაზის გამოკვლევა მიმდინარეობს, იკვლევენ რა ტერიტორიას მოიცავს ეს ზეგავლენის სფერო.
ჯერ ზეგავლენაზე საუბარი ადრეა, კვლევის ფაზაა. კვლევის შედეგების შემდეგ შედგება კონსულტაცია მოსახლეობასთან.

 

ჰესების მშენებლობა მოითხოვს განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს, ეს ფაქტორი ხომ არ გამორიცხავს ადგილობრივების დასაქმებას?

 

სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად ჩვენ უკვე ჩავატარეთ ტენდერი და შეირჩა თურქული კომპანია. კონტრაქტორი კომპანიის მიიმართ ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ მუშახელისათვის სატრენინგო ცენტრის შექმნა და დაახლოებით 400 ადამიანის გადამზადებაა.

 

კომპენსაციის გაცემის დროს რა სტანდარტებს იყენებთ?

 

ჩვენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობად მივიჩნევთ მოსახლეობის კომპენსირებას. კომპენსაციებს ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სტანდარტების შესაბამისად გავცემთ. ყველაზე მაღალი კომპენსაციის გადახდა პროექტის უშუალო ზეგავლენის ქვეშ მყოფ მოსახლეობაზე გვევალება. კომპენსაციების რაოდენობა კი მოწვეული ექსპერტის დახმარებით განვსაზღვრეთ. მათი რეკომენდაციით შევაფასეთ მიწის დანიშნულება და ნაკვეთის ხარისხი. მაგალითად, სხალთაში მიწის ნაკვეთების უმეტესობა მდინარის კალაპოტში მდებარეობს. ქართული კანონით კალაპოტის მიმდებარე მიწები სახელმწიფო საკუთრებაა. ასევე არსებობს ტყიანი ფერდობები, რომლებსაც ხალხი იყენებს საძოვრებად ან შეშის დასამზადებლად. მათი კომპენსაცია არ ხდება მაღალი ტარიფებით. მაღალი ფასი აქვს ხეებით გაშენებულ ადგილებს, კერძოდ ხეხილისა და კაკლის ბაღებს.

 

სამწუხაროდ, საქართველოში მიწის რეგისტრაციის პრობლემა არსებობს. არ არის ზუსტი აღრიცხვა. ჩვენ ვარკვევთ მიწის მესაკუთრეთა ზუსტ რაოდენობას იმ ადგილებში, სადაც პროექტი იმუშავებს. საქმე გვაქვს სხვადასხვა კატეგორიის მიწის მფლობელებთან. მიწის კომპენსაციის პროგრამის დამუშავების დროს ფართო მნიშვნელობა მივეცით მიწის მესაკუთრის ტერმინს. ჩვენი პროგრამის მიხედვით მიწის მესაკუთრე გულისხმობს, როგორც ამჟამინდელ მოსარგებლეებს, ისე ამ მიწით სარგებლობის უფლების მქონე პირებს. საკმარისია მოსახლეობამ დაადასტუროს რაიმე სახით მათ მიერ იმ მიწის გამოყენება, რაც ჩვენი პროექტის საზღვრებს მოიცავს და მოხვდებიან კომპენსაციის პროგრამაში. დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით 500 ოჯახი მოხვდება კომპენსაციის პროგრამაში.

 

ირიბი ზემოქმედების ქვეშ მყოფ მოსახლეობას რას სთავაზობთ, მაგალითად, იმ მოსახლეობას, რომელიც მდინარის წყლით სარგებლობენ?

 

როგორც აღმოვაჩინეთ, ბევრი ადამიანი არ სარგებლობს მდინარის წყლით. ჩვენს სამუშაო ფართობზე არსებულ
მდინარეებს არ იყენებენ სარწყავად. ჩვენ ვნახეთ მდინარის წყლის მოხმარების მდგომარეობა, ხალხი ცხოვრობს მდინარისაგან დაშორებით, ფერდობებზე, ისინი ძირითადად იყენებენ წყაროებსა და ჭებს. რადგან სოფლები მდინარისაგან მოშორებულია, ასევე ვნახეთ, რომ საკმარისი წყალია იმისათვის, რომ მოსახლეობამ არ გამოიყენოს მდინარის წყალი, თუმცა მდინარეშიც დარჩება საკმარისი რაოდენობის წყალი, თუ მისი გამოყენება სურთ. ჩვენ სრულად არ დაგვჭირდება ამ წყლის გამოყენება.

 

ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით რა იცვლება იმ ხეობაში, სადაც ჰესები შენდება?

 

პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების დაწყებისათვის, რომლებსაც განახორციელებენ კონტრაქტორები, გახშირდება მიმოსვლა, ამიტომ კონტრაქტორები გეგმავენ რამდენიმე სოფლის, მაგალითად, სხალთაში ხიდისა და
გზის მდგომარეობის გაუმჯობესებას, გაფართოებას, საფარის გასწორებას, ხიდების გამაგრებას, რაც შემდგომში დარჩება მუნიციპალიტეტს. შესაძლებელია ზოგიერთი შემოვლითი გზის ან ხიდის შეკეთებაც დაიგეგმოს, რითაც გაუმჯობესდება სოფლის მოსახლეობის მიერ მათი პროდუქციის გატანა. იგეგმება კაშხალთან მისადგომი ხიდებისა და გზების შეკეთებაც.
დაიტბორება დიდაჭარის ორკილომეტრიანი მონაკვეთი და აშენდება ახალი შემოვლითი გზა და ხიდი. სხვა ინფრასტრუქტურა, რომელსაც შევეხებით, იქნება სხალთაში 35 კილოვოლტიანი გადამცემის სისტემის შექმნა, რადგან გაადვილდეს და უფრო სტაბილური გახდეს ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის მიწოდება მიმდებარე ტერიტორიებზე. მას გამოიყენებს ადგილობრივი მოსახლეობაც.

 

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეეხება წყლის მიწოდების სისტემების გაუმჯობესებას სამშენებლო ბანაკებისათვის, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს სისტემა გამოიყენოს მუნიციპალიტეტმაც.

 

გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ უსაფრთხო არაა თქვენი პროექტი…

 

ახლახან სწორედ გარემოს დაცვის მიზნით უარი ვთქვით “ხერთვისი ჰესის” სქემაზე, სადაც ჩართული უნდა ყოფილიყო მდინარე მაჭახელა. ეს გადაწყვეტილება ფინანსური თვალსაზრისით ჩვენთვის არ არის მომხიბვლელი, მაგრამ თუ ვხედავთ, რომ საფრთხე მაღალია, უარს ვამბობთ მასზე. უწყვეტად ვმუშაობთ ჩვენი პროექტის უარყოფითი ზეგავლენების შემცირებაზე. პროექტის თავდაპირველი სქემით გათვალისწინებული იყო გაცილებით მაღალი კაშხლების მშენებლობა. გეოლოგიური კვლევების საფუძველზე სხალთაში კაშხლის სიმაღლე და ადგილმდებარეობა შეიცვალა. ასევე შევცვალეთ
დიდაჭარის კაშხლის ადგილმდებარეობა. ცოტა ხნის წინ დიდაჭარაში შევცვალეთ კაშხლის სტრუქტურაც, რომ თავიდან აგვეცილებინა მეწყერი. ჩვენ არა მარტო გარემო შემთხვევებს, არამედ სოციალურ ზემოქმედებასაც ვითვალისწინებთ. მაგალითად, გვირაბების მიმართულება განისაზღვრა არა მარტო ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ მათი მისადგომების გარემო პირობების გათვალისწინებით.

 

რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედებას, წყალსაცავების სარკის ზედაპირი არის მცირე, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას არ იქონიებს სასოფლო-სამეურნეო აქტივობებზე (დიდაჭარის წყალსაცავი 17ჰა, სხალთის – 19 ჰა).

მასალების გადაბეჭდვის წესი