თბილისში გამართული პრაიმერის შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი დავით ბაქრაძემ აიღო. ბოლო ადგილზე შოთა მალაშხია გავიდა, მესამე ადგილზე ზურაბ ჯაფარიძე, მეორე ადგილი კი გია ბარამიძეს ხვდა წილად.
პრაიმერში ოთხი კანდიდატი – დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია, მონაწილეობდა. პრაიმერი საქართველოს ექვს ქალაქში ჩატარდა, ამას გარდა, ხმის მიცემა სასურველი კანდიდატისთვის შესაძლებელი იყო ონლაინაც. ონლაინ არჩევნებითაც პირველ ადგილზე დავით ბაქრაძე გავიდა.

დავით ბაქრაძე 41 წლისაა. იგი 2004 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2007-08 წლებში – სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, შემდეგ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2008 წელს ისევ არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, იყო ამავე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე. დავით ბაქრაძე ამჟამად არის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.
