სააკაშვილი უკრაინის პროკურატურაში მივიდა, თუმცა იქ დაკითხვაზე უარი თქვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული, უწყებაში მივიდა, თუმცა დაკითხვაზე არ შევიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებში განაცხადა, ის მზადაა მისცეს ჩვენება შესაბამის უწყებას, როგორიც არის უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ან სასამართლო, მაგრამ არა პროკურატურას. სააკაშვილის განცხადებას პირდაპირ ეთერში UNN გადასცემდა.

“ჩემს წინააღმდეგ საქმე გააყალბა ე.წ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ეგრეთ წოდებულმა იმიტომ, რომ ის უკვე დიდი ხანია აღარ ემსახურება უკრაინის უსაფრთხოებას. უკრაინის პროკურატურამ და ლუცენკომ კი დამიბარეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივების გამო. სასამართლო, რომელიც გაიმართა, იყო არა ჩემ, არამედ პროკურატურის წინააღმდეგ, სადაც მათ აჩვენეს, რომ საერთოდ ვერ ერკვევიან საქმეში. ახლა კი ლუცენკომ გადაწყვიტა ხელების ქნევა და ჩემს ხარჯზე ქულების დაწერა “პატრონის” წინაშე, რის საშუალებასაც მე მას არ მივცემ. თუ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დღესვე გამომიძახებს დაკითხვაზე, მე წავალ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის დაკითხვის შესახებ განცხადება 12 დეკემბერს გაავრცელა. უწყების მიხედვით, ექსპრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს და “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერს რამდენიმე მუხლის მიხედვით დაკითხავენ,  მათ შორის 256-ე  (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის), მე-15 (დანაშაულის ჩადენის მცდელობა), 28-ე  (სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი) და 110-ე (უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა) მუხლებით. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებებს აბსურდულსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მისივე თქმით, მისი დაკავება არა მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, არამედ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესებშიც შედის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან