ნეტგაზეთი | უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა – Netgazeti

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN წერს.

გამოცემის თანახმად, “რუხ ნოვიხ სილის” ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე 18 დეკემბერს, უკრაინის დროით, 9:30 საათზე დაიბარეს. მას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით დაკითხავენ, მათ შორის 256-ე  (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის), მე-15  (დანაშაულის ჩადენის მცდელობა) , 28-ე  (სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი) და 110-ე( უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა) მუხლებით.

მიხეილ სააკაშვილი ბოლოს 8 დეკემბერს დააკავეს, თუმცა 11 დეკემბერს გამართულ პროცესზე კიევის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის  შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ექსპრეზიდენტს შინაპატიმობა არ
შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავდაპირველად 5 დეკემბერს დააკავეს, მის დასაკავებლად მის საცხოვრებელ სახლში სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა, თუმცა სააკაშვილმა სახლის სახურავზე ასვლა მოახერხა, ხოლო მოგვიანებით დაპატიმრებული სააკაშვილის მანქანით გაყვანა საცხოვრებელი სახლის ეზოდან სპეცდანიშნულების რაზმმა ვერ შეძლო, ვინაიდან ამის საშუალება მათ სააკაშვილის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

ამის შემდეგ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ დროს რადასთან ახლოს მოწყობილ კარვების ქალაქში იმყოფებოდა და მხარდამჭერებს მიტინგზე სიტყვით მიმართავდა.

მოგვიანებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა და იგი იძულებული გახდა კარვების ქალაქი 8 დეკემბრიდან დაეტოვებინა. 8 დეკემბერს ღამით ის უკრაინელმა სამართალდმცავებმა იმ სახლში დააკავეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს აფარებდა. სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

10 დეკემბერს კიევში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტიის  – “ახალი ძალების მოძრაობის” ორგანიზებით. აქციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვეს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია (2004-2013). მან პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანა დატოვა და 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის არაერთი მუხლის მიხედვით იდევნება, მათ შორის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეებზე.

2016 წლის ნოემბერში ის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. 2017 წლის ივლისში სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, მაშინ როცა ის უცხოეთში იმყოფებოდა. ამის შემდეგ სააკაშვილი გახდა აპატრიდი (მოქალაქეობის არმქონე პირი). 2017 წლის სექტემბერში მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა შეიყვანეს უკრაინაში. მას შემდეგ ის კიევში იმყოფება და მართავს საპროტესტო აქციებს პოროშენკოს წინააღმდეგ.

უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ბრალს სდებს ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან დაფინანსების მიღებაში მიტინგებისთვის, რომლის მიზანია უკრაინაში ხელისუფლების დამხობა.

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე 5 დეკემბერს ძებნა გამოაცხად უკრაინის სსკ 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის), მე-15 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მცდელობა) და 28-ე მუხლის მეორე ნაწილით (სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი).

სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებს.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან