ახალი ამბები

კონგრესმენი ტერნერი საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

26 ივლისი, 2013 • 1128
კონგრესმენი ტერნერი საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ჩემი შესწორება, რომელიც გამოხატავს ჩემი და ჩემი კოლეგების საერთო შეშფოთებას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო, რაც გამოიხატება სამართლებრივ დევნაში, შეურაცხყოფასა და ძალადობაში. საქართველოს ჰყავს ბევრი მოკავშირე კონგრესში, რომლებიც ახალარჩეული მთავრობისგან მოელიან ძლიერი დემოკრატიის ფუნქციონირებას. დევნის, შეურცხყოფისა და ძალადობის ინციდენტები ძალიან სამწუხაროა. დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა ემსახურებოდეს ღირსებასა და პატივისცემას და ეს არის ის, რასაც მოელის ქართველი და ამერიკელი ხალხი. აი, ეს მკვეთრი მესიჯი გადავეცი მე გასულ კვირას საქართველოს დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

 

მაიკლ ტერნერი
მაიკლ ტერნერი

სწორედ კონგრესმენ ტერნერის ინიციატივით შევიდა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება საქართველოსთან მიმართებაში. კერძოდ, 2013 წლის 14 ივნისს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომლის 1244-ე მუხლი თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას ეხება. აღნიშნულ დოკუმენტში ჩაიწერა კრიტიკული შეფასება საქართველოში ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების საკითხზე.

 

კონგრესმენთან გასულ კვირაში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს დელეგაციის წევრმა, პარლამენტარმა თინა ხიდაშელმა განაცხადა:

 

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ პრობლემა იყო მისკომუნიკაცია, რომელიც გარკვეულ მომენტში ორივე მხარეს შეგვექმნა. ჩვენ ამ მიმართულებით პრობლემას აღარ ველოდებით. საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა მისი სტრატეგიული პარტნიორისგან. მთავარი გზავნილი, რითიც ჩვენ ამ შეხვედრებიდან გამოვდივართ, არის ის, რომ საქართველოს სულ უფრო მეტი მეგობარი ჰყავს აშშ-ის სენატსა და კონგრესში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი