ახალი ამბები

თბილისის საკრებულოსა და კომისიების თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატები ცნობილია

25 ივლისი, 2013 • • 1352
თბილისის საკრებულოსა და კომისიების თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატები ცნობილია

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში “ნაციონალების” ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა ახვლედიანმა განუცხადა, ფრაქცია გამართავს შიდა მოლაპარაკებებს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

“ჩვენ დღეს გვექნება რამდენიმე შიდა ფრაქციული სხდომა. ცალსახად ვაფიქსირებთ იმას, რომ რაღაც შოუებში და სპექტაკლებში, რასაც ჰქვია თავმჯდომარის გადაყენება და ასე შემდეგ, მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ სხდომის დღის წესრიგი შედეგება სხვადასხვა საკითხისაგან, მათ შორის არასაკადარო საკითხებისაგანაც. შესაძლებელია, ჩვენ ჩამოვყალიბდეთ ისეთ ფორმატზე, რომ საკადრო თემებში არ მივიღოთ მონაწილეობა, ხოლო სხვა საკითხების განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა. შესაძლებელია, სულ სხვა ფორმატზეც ჩამოვყალიბდეთ”, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

საკრებულოს უმრავლესობა აპირებს, რომ შეცვალოს ზაალ სამადაშვილი, რომელიც თავმჯდომარის პოსტს იკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობა თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფილი ნაციონალის, ამჟამად ფრაქცია “თავისუფლების” წევრის, ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას ხვალვე დააყენებს.

ერთსა და იმავე სხდომაზე თავმჯდომარის გადარჩევის და ახლის არჩევის ფაქტს ეწინააღმდეგება ოპოზიციონერი მამუკა ახვლედიანი, რომელიც საკრებულოს რეგლამენტზე აპელირებს და აცხადებს, რომ ასეთი რამ არ შეიძლება.

“რეგლამენტის მიხედვით, თავმჯდომარის გადარჩევის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევა ხდება უახლოეს სხდომაზე, ვინც ქართული იცის, ეცოდინება, რომ უახლოესი შემდეგ სხდომას ნიშნავს”, – ამბობს იგი.

რაც შეეხება თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, დაუდასტურებელი ცნობით, ამ თანამდებობაზე ფრაქცია “ქართული ოცნება – დედაქალაქის” თავმჯდომარის გიორგი მუსხელიშვილის კანდიდატურა განიხილება. ამ ფაქტს მუსხელიშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს.

“ყველაფერი გამოჩნდება 26 ივლისის სხდომაზე”, – აცხადებს იგი.

ხვალვე უმრავლესობა აპირებს, რომ საკრებულოს 13 მუდმივმოქმედი კომისიის ახალი თავმჯდომარეები აირჩიოს. გიორგი მუსხელიშვილმა დღეს “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ საკითხზე ნაცმოძრაობასთან კონსულტაციები ვერ შედგა, ამიტომ კანდიდატების შერჩევისას პარიტეტის წესი გათვალისწინებული არ იქნება და საკრებულოს არც ერთი ნაციონალი დეპუტატი არც ერთ კომისიას არ უხელმძღვანელებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობაში მიხეილ ქავთარაძის კანდიდატურას განიხილავენ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანადმებობაზე – კახა კუკავას, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე – დავით ჯინჭარაძის, ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე – ზაურ დოლიძის, ქონების მართვისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე – ნინო თევდორაძის, საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე – ნიკო ხაჩირიშვილის,  ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელად – მაკა გვარამიას, ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე – დავით წერეთელის,  სპორტის დვა ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე – გელა ომანიძის, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე – კახა ფირუაშვილის, განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე – ზურაბ გაჩეჩილაძის (შონზო),  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდოამრის პოსტზე – ნათელა მაჭავარიანის, საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე კი – კახა გურულის.

მასალების გადაბეჭდვის წესი