ახალი ამბებიეკონომიკა

გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფები – სემეკი განხილვებს იწყებს

12 დეკემბერი, 2017 • 2159
გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფები – სემეკი განხილვებს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადებით წარმოდგენილ, მომდევნო წლების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს. კომპანიის ხელმძღვანელები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს პერიოდში საუბარი იყოს სამომხმარებლო ტარიფების გაზრდაზეც.

[red_box]გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფები[/red_box]

სემეკის თავმდჯომარის, ირინა მილორავას თქმით, სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში თითოეულ კომპანიასთან საჯარო სხდომები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

“შესაბამისად, თვის ბოლოსთვის უკვე გამოიკვეთება კონტურები სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ: დღეს მოქმედ ტარიფში არის ჩადებული კურსი 2.50 ლარი. ამდენად, კურსის გამო, არსებითი გავლენა ჯერჯერობით არ იგეგმება,” – განუცხადა ტელეიმედს ირინა მილორავამ.

თავად კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური გაეზარდათ, რომელიც შემდეგ აბონენტებამდე მიაქვთ, რის გამოც შესაძლოა იყოს საუბარი ტარიფების გაზრდაზეც, თუმცა საბოოლოო ჯამში ეს სემეკმა უნდა დათვალოს და გადაწყვიტოს. როგორც კომპანიები აცხადებენ, შესაძლო ტარიფების ზრდა დოლარის კურსის მერყეობის გამოა განპირობებული.

[red_box]რას განიხილავს დღეს სემეკი[/red_box]

სემეკი დღეს იმსჯელებს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”, “საქრუსენერგოს”, “ენერგოტრანსის”, “ვარდნილჰესების კასკადის”, “ენგურჰესის” მიერ მომდევნო წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების შესახებ. დღევანდელ სხდომაზე მოხდება შეთანხმება “თელასის”, “ენერგო პრო ჯორჯიას”, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”, “მცხეთის წყალის” “რუსთავის წყალის” 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე.

ენერგეტიკულ სექტორში 16 კომპანიას, ჯამში, 1 მილიარდამდე ლარის ინვესტიციის განხორციელება სურს. სემეკის თავმჯდომარის თქმით, ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ტარიფში, მაგრამ არა ერთადერთი. შესაბამისად, განხილვების შემდეგ გახდება ცნობილი, დაამტკიცებს თუ არა კომისია კომპანიების საინვესტიციო გეგმებს.

ამასთანავე, კომისია იმსჯელებს საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ, რომელიც კომისიის აპარატის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ იქნება წარმოდგენილი.

სემეკში აღნიშნულ საკითხებზე განხილვა 10:00 საათზე დაიწყო. სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი