ახალი ამბები

ტფილისის ჰამქარი: კულტურის სამინისტროსთან ისტორიული შენობის ნაშთი ზიანდება

11 დეკემბერი, 2017 • 1516
ტფილისის ჰამქარი: კულტურის სამინისტროსთან ისტორიული შენობის ნაშთი ზიანდება

“ტფილისის ჰამქარი” აცხადებს, რომ მტკვრის ქუჩაზე, კულტურის სამინისტროს გვერდით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ნაშთებს აზიანებს.

გაერთიანებამ “ფეისბუკის” გვერდზე დაწერა, რომ ეს ნაშთი სავარაუდოდ მე–17 საუკუნის ნაგეობობაა.

“SOS – მტკვრის ქუჩაზე, კულტურის სამინისტროს შენობის გვერდით (!!!) რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ქუჩის კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო ტექნიკა აზიანებს არქეოლოგიურ ნაშთებს. ზერელე დაკვირვებით ეს არის მე-17, მე-18 საუკუნეების ნაგებობა. დიდი ალბათობით აბანო, კოშკის ნაფუძარი ან სხვა ნაგებობა, რაც აუცილებლად უნდა დაზუსტდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადგილი იყო ორბელიანთუბანი, სავარაუდოდ ნაგებობა უნდა ყოფილიყო ორბელიანების საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი. სასწრაფო რეაგირებაა საჭირო! მოვითხოვთ არქეოლოგის დაუყოვნებლივ ჩართვას და ნაშთების ჯეროვნად შესწავლა-გადარჩენას!”, – წერს გაერთიანება.

თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამ ნაგებობის აღმოჩენის შემდეგ სამუშაეობი დროებით შეჩერდა.  ფონდის ინფორმაციით, ნაგებობა 0,7 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და ძველი აგურის წყობით ნაშენ კედლებს წარმოადგენს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კი აცხადებს, რომ ადგილზე მივიდნენ სპეციალისტები და ამ საკითხზე დაიწყეს მოკვლევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი