ახალი ამბებიეკონომიკა

ბიზნესი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის წინააღმდეგია

12 დეკემბერი, 2017 •
ბიზნესი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის წინააღმდეგია

დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) არ უნდა იბეგრებოდეს ავანსი, ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც ბიზნესასოციაციის წევრებმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს 11 დეკემბერს. ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის განმარტებით, ავანსის არდაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძისგან დახმარების პირობა მიიღეს.

“მამუკა ბახტაძე ბიზნესის წიაღიდან მოვიდა. ის ასევე იყო ჩვენი ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ძალიან კარგად ესმის ის პრობლემატიკა და მიღწევები, რაც ქართულ ბიზნესში არსებობს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბიზნესს აღელვებს, არის ის, რომ ავანსი არ იბეგრებოდეს დღგ-ით. ძალიან გაგვიხარდა, როცა მინისტრმა ამ კუთხით დახმარება აღგვითქვა,”-აცხადებს სოსო ფხაკაძე.

ავანსის დღგ-სგან გათავისუფლების საკითხზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამას ევროკავშირთან დადებული ასოცირებული ხელშეკრულება ითვალისწინებს და ამ ფაქტორის გათვალისწინება მთავრობას მოუწევს.

“ეს საკითხი შეთანხმებულია DCFTA-ის დოკუმენტში. აქედან გამომდინარე ეს ეხება ყველა სექტორს. მე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ მაქსიმალურად უნდა შეეცადოს მთავრობა, რომ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა მოქნილი იყო ბიზნესისთვის, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ვალდებულება და ჩვენ ამ ვალდებულებებს პატივი უნდა ვცეთ,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, სამინისტრო ცდილობს, თითოეული ბიზნესსექტორისთვის დაბეგვრის საკითხი ცალკე განიხილოს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურეობის გაწევამდე, მყიდველისგან წინასწარ მიღებული შემოსავლდიდან  (ავანსი) სავალდებულო გახდა.

მთავრობამ ამ ცვლილებების აუცილებლობა მაშინ ევროდირექტივით ახსნა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება, დღგ-ის მარეგულირებელი ნორმების ჰარმონიზაცია მოახდინოს ევროპის საბჭოს №2006/112 დირექტივასთან (ასოცირების შეთანხმების 285-ე მუხლი და 22-ე დანართი), რომელიც არეგულირებს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საკითხებს.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრთან ბიზნესმენებმა ლარის კურსზეც ისაუბრეს.

“არ შეიძლება პერიოდი იყოს, როდესაც ჩვენ ლარის კურსს არ შევეხოთ. ლარის კურსი აბსოლუტურად ყველას აწუხებს და აწუხებს ბიზნესსაც. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს ხელში ამ კუთხით შეზღუდული რესურსები არსებობს, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის სტაბილური ლარის კურსი.

ვალუტის კურსზე სოსო ფხაკაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკური აგენტები მოქმედებენ საბაზრო კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომელიც ბაზარზე ყალიბდება.

“მე ყოველთვის უარვყოფ იმას, რომ რაღაც სპეკულაციური მოლოდინები არსებობს. არსებობს მოთხოვნა და მიწოდება. ეს არის ფუნდამენტური ბაზა, რაზეც საბაზრო ეკონომიკა აიგება. შესაბამისად, ეკონომიკური აგენტები რეაგირებენ მოთხოვნა-მიწოდებაზე. თუ მოხდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშების დეფიციტის შემცირება, ეს პირდაპირპროპორციული იქნება ლარის კურსის სტაბილურობასთან,”- აცხადებს ბიზნესმენი. ბიზნესსასოციაცია 2009 წელს შეიქმნა და ქვეყანაში მოქმედ მსხვილ კომპანიებს აერთიანებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი