ახალი ამბებისამართალი

სამხარეო სასამართლოების შექმნის იდეა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

11 დეკემბერი, 2017 • 1684
სამხარეო სასამართლოების შექმნის იდეა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემის მოსახსნელად ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლოებს დაემატოს 2 სამხარეო სასამართლო, კერძოდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამხარეო სასამართლოები, რომელთა გეოგრაფიული არეალი თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შესაბამისად გადანაწილდება. ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან საბჭოს სხვა წევრები და ამას წარსულში დაბრუნებად მიიჩნევენ.

დღეს, 11 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მჭდლიშვილმა მის მიერ მომზადებული დოკუმენტი – “მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრობლემა, მისი გამომწვევი მიზეზები და პრობლემის მოგვარების გზები” – წარადგინა.

 

“[2005 წელს] ერთი ხელის მოსმით ჩატარებულმა რეფორმამ გამოიწვია ის, რომ თითოეულ მოსამართლეს განსახილველად 300 –400 საქმე აღმოაჩნდა. მაშინ ამ მდგომარეობის დაძლევის გზად საქმეების „კონვეირული“ სისწრაფით განხილვა შეირჩა, რამაც საბოლოოდ ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა მართლმსაჯულების ხარისხზე და მართლმსაჯულების მიმართ  საზოგადოების ნდობაზე,“ – აღნიშნულია მჭედლიშვილის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

ამის აღმოსაფხვრელად დღეს მჭედლიშვილმა საბჭოს შესთავაზა ე.წ. სამხარეო სასამართლოების შექმნა.

“თითოეულ სამხარეო სასამართლოში უნდა შეიქმნას ორი პალატა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა კატეგორიების მიმართულებით. ორივე სამხარეო სასამართლოს გამართული ფუნქციონირებისათვის 60 მოსამართლე სრულიად საკმარისი იქნება,“ – აცხადებს მჭედლიშვილი.

ამ ინიციატივას საბჭოს წევრების ნაწილი არ ეთანხმება. მათ შორის, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილიც. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ ის, რასაც ვახტანგ მჭედლიშვილი სთავაზობს საბჭოს, ძირეული ცვლილებების გატარების გარეშეც შეიძლება იქნას მიღწეული. გარდა ამისა, გვირიტშვილი აღნიშნავს, რომ იმ სისტემაში დაბრუნება, რომელზეც ქვეყანამ 12 წლის წინ უარი თქვა, სერიოზულ კვლევას საჭიროებს.

“ჩვენ ვეთანხმებით ბატონ ვახტანგს, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას ე.წ. სამხარეო სასამართლოები, სადაც დაახლოებით 60 მოსამართლე უნდა დასაქმდეს, აი, ამ ნაწილში გვაქვს ცოტა აზრთა სხვადასხვაობა. ვფიქრობთ, რომ ამას უფრო საფუძვლიანი კვლევა სჭირდება. თუნდაც ამ რიცხვის ნახევარი, 30-მდე მოსამართლე რომ გადანაწილდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბათუმსა და ქუთაისში, შეიძლება აბსოლუტურად იგივე შედეგზე გავიდეთ,“ – განმარტავს დიმიტრი გვრიტიშვილი.

გარდა, ე.წ. სამხარეო სასამართლოებისა, სხდომაზე პრობლემის გადაჭრის სხვა გზებიც განიხილეს. როგორც საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, გახმიანებულ ინიციატივებს შორის ერთ-ერთი სასამართლოს მოხელეების ფუნქციების გაზრდა და ორ ინსტანციურ მოდელზე გადასვლაა.

“სასამართლოების გადატვირთულობისა და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების პრობლემა განპირობებულია, პირველ რიგში, მოსამართლეთა სიმცირით. როგორც იცით,  კონკურსების გამოცხადება დაახლოებით წელიწადში ორჯერ ხდება, რაც გულისხმობს იმას, რომ  საკმაოდ ხანგრძლივი დროით, 5-6 თვით, ჩვენ გვქონდეს საკმაოდ ოდენობა შტატებისა თავისუფალი. ეს გულისხმობს, რომ 50 ადგილზე მეტი თავისუფლდება  და მოსამართლე საქმის წარმოებისას არ იყოს თავისუფალი. ეს ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია. ამის გადასაჭრელად  საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა მოხელის ფუნქციების გაზრდის შესახებ, რომელიც, ვფიქრობ, რომ სერიოზულ პრობლემებს შექმნის. იგულისხმება, რომ პირველი ინსტანციით განიხილოს მოხელემ, რომელიც არ არის მოსამართლე, საქმე, სადაც დავის ღირებულება არის 5 ათას ლარამდე და ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. თუმცა ამ შემთხვევაში  შეიძლება შეილახოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ეს ინიციატივა დასამუშავებელია

რაც შეეხება ორ ინსტანციურ მოდელს, ამაზეც იყო საუბარი. ევროპული  კონვენციის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მინიმუმ ორი ინსტანციის უფლება აქვს მოქალაქეს, რომელიც მიმართავს სასამართლოს, რომ მისი საქმე განიხილოს მინიმუმ ორმა ინსტანციამ, ნაწილობრივ ამას ეხმიანება ვახტანგ მჭედლიშვილის ინიციატივაც”, – აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი