წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კილოკალორები 2500-მდე უნდა გაიზარდოს, ასევე უნდა გაიზარდოს არასასურსათო ხარჯების პროცენტულობის წილი 50%-მდე, რაც მთლიანობაში, კანონპროექტის ავტორების თქმით, საარსებო მინიმუმის 250-ლარიან მაჩვენებელს გამოიწვევს.

 

ჯანდაცვის კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რასაც ლევან ვეფხვაძე ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი სოციალური ორიენტაციის გაგრძელებით ხსნის:

 

“სამწუხაროდ, გრძელდება ის არასწორი ტრადიცია, როდესაც სოციალური ორიენტირი არის ძველი, შევარდნაძის დროინდელი ორიენტირი, ანუ საარსებო მინიმუმის გადათვლა არ ხდება, სამაგიეროდ, მთელი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს, როგორც სააკაშვილის დროს მუშაობდა, იმაზე, რომ, აი, პენსიები გახდება საარსებო მინიმუმი, მაგრამ მოსახლეობას ჩვენ ამით ვატყუებთ.”

 

მისივე თმით, საქმე ხალხის შეცდომაში შეყვანასთან გვაქვს:

 

“დღეს ჯანდაცვის კომიტეტმა უარი გვითხრა გადათვლაზე და ამით მოსახლეობას უთხრა, რომ თქვენი 150 ლარი ყოფილა საარსებო მინიმუმი. ეს არის მოტყუება ჩვენი მოსახლეობის, მოტყუება ამ ქვეყნის და პირობების არშესრულება. მათ უარი თქვეს ამის განხილვაზე ერთადერთი მოტივით, რომ პირველ სექტემბერს, როდესაც პენსია ხდება 150 ლარი, უნდა ეთქვათ, რომ საარსებო მინიმუმი გახდა პენსია, მაგრამ საარსებო მინიმუმი არ არის 150 ლარი. ჩვენი დათვლებით არის 250 ლარი, რომელიც წარმოვადგინეთ და თუ უნდათ მათ, საარსებო მინიმუმი გახადონ პენსია, მაშინ პენსია უნდა იყოს ქვეყანაში 250 ლარი. აი, ეს არის ის უარი, რაც დღეს ჩვენ მივიღეთ.”

 

კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ინიციატივა მნიშვნელოვანია, თუმცა ფორმულირება არასწორად იყო წარმოდგენილი:

 

“ვფიქრობ, არასწორად იყო წარმოდგენილი ფორმულირება, რომ საარსებო კალათის გათვლა იყო მინიმალურ კალორიულ ზღვარზე გადათვლილი. ეს არასწორია. თუნდაც ის, რომ კალორიულობა გავზარდოთ, ეს რის ხარჯზე უნდა იყოს? ადამიანს ესაჭიროება, როგორც ნახშირწყლები, ასევე, ცილეოვანი შემავსებლები, როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური ცხიმები, მაგრამ ეს არასწორია იმიტომ, რომ შეიძლება კალორიის გაზრდა მხოლოდ, ვთქვათ, ნახშირწყლების ხარჯზე. შეიძლება ადამიანს სამომხმარებლო კალათაში დაუმატოთ შაქარი ან პური, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არასწორია. უნდა იყოს დაბალანსებული გადანაწილება კვების პროდუქტებში, თუნდაც კალორიულობის განსაზღვრის თვალსაზრისთ.”

 

მისივე თქმით, თემა მნიშვნელოვანია, და საჭიროა ამ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები მოიწვიონ და სწორი ფორმულირების შერჩევა მოხდეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *