ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნა 17 მაისის მოვლენებზე

22 ივლისი, 2013 • • 1604
ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნა 17 მაისის მოვლენებზე

2013 წლის 17 მაისის ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციისა და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ


 

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს პარლამენტის თავმჯდომარის რეზოლუციით დაევალა # 26931 განცხადების განხილვა, რომელსაც ხელს აწერდა რამდენიმე ათასი ადამიანი. მათ მოითხოვეს  17 მაისს დაგეგმილი ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციისა და მის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასება.

აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების  სხვადასხვა ჯგუფის მიერ გამოთქმული იქნა განსხვავებული მოსაზრებები. 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე  მითითებულ მოვლენებს კომიტეტი აფასებს შემდეგნაირად:

კომიტეტი მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას ამ ფაქტების მიმართ.  ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხი იზომება არა მარტო ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებითა და სახელმწიფოს ქმედებებით, არამედ სამოქალაქო საზოგადოების რეაგირებითაც ამ ფაქტებზე. დამოკიდებულება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ გამოავლინა მითითებული მოვლენების მიმართ, მნიშვნელოვანი წინაპირობაა მომავალში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და ერთმანეთის უფლებების დაცვისათვის.

 

ძალადობა/ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევა

კომიტეტი ცალსახად გმობს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებს, რასაც ადგილი ჰქონდა 17 მაისს გამართული აქციების დროს.

ფიზიკური ხელშეუხებლობა არის ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი და ფუნდამენტური უფლება, რომლის ხელყოფა დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საერთაშორისო ინსტრუმენტებისა  და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. 

საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა იყოს დაცული ძალადობისაგან; დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა ადამიანი უნდა გრძნობდეს თავს დაცულად და უსაფრთხოდ; მას არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისაგან ძალადობის შიში და უნდა იცოდეს, რომ მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

კომიტეტი ხაზგასმით აცხადებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის გამოვლენის ფაქტის შეფასებისას უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი მსჯელობა იმ მიზანსა და საფუძველზე, რომელზეც მოძალადე მიუთითებს ძალადობის გასამართლებლად. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა უნდა იყოს დაცული ერთმნიშვნელოვნად და ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არსებობდეს  განსხვავებული აზრი.

კომიტეტი არ  სცდება თავისი  კომპეტენციის ფარგლებს და არ ახდენს მითითებულ მოვლენებში მონაწილე კონკრეტული პირებისა და ქმედებების სამართლებრივ  შეფასებასა და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას, რაც სასამართლო ორგანოს პრეროგატივაა.

კომიტეტი მხოლოდ შეახსენებს საზოგადოებას, რომ ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, რა ნიშნით,  საფუძვლითა და მიზნითაც  არ უნდა იყოს ის განხორციელებული.

ამასთან, დანაშაულის ჩადენა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო (ისევე, როგორც რასის, კანის ფერის, ენის, სქესის,  ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის შესაბამისად.

წინამდებარე დასკვნაში კომიტეტი  კიდევ ერთხელ  ხაზს უსვამს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის დაცვის მნიშვნელობას ყველა შემთხვევაში.

 

შეკრების თავისუფლება

შეკრების თავისუფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით (25-ემუხლი), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით(მე-11 მუხლი), სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტითა (21-ემუხლი) და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ინსტრუმენტებით.

 

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით ეუთო-ს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ,,შეკრების თავისუფლება არის ფუნდამენტი პლურალისტური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, სადაც სხვადასხვა შეხედულებების, პრაქტიკისა და პოლიტიკის მქონე ჯგუფები თანაარსებობენ.“

საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს კონტრშეკრებას, რაც გაკრიტიკებულია ვენეციის კომისიის  მიერ. (რეკომენდაცია no. 547 / 2009, 1.10.2009, პარა. 26) ამასთან, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ  ეუთო-ს  წესების (§ 123;  § 4.4) მიხედვით, კონტრშეკრება არის შეკრების ერთ-ერთი სახე, რომლის მონაწილეებსაც სურთ, გამოხატონ პარალელურად მიმდინარე აქციის საწინააღმდეგო აზრი. შესაბამისად, კომიტეტი მხედველობაში იღებს საერთაშორისო სტანდარტებს და მიიჩნევს, რომ საქართველოში კონტრშეკრების თავისუფლების დაცვა ხვდება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული შეკრების თავისუფლების ჭრილში.

 

რელიგიური ინსტიტუტების ოფიციალური განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „იდენტობამ“ და „ქალთა ნიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ 2013 წლის 2 მაისს გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ხაზგასმული იყო, 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასტან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მშვიდობიანი ხასიათი და ჩატარების მიზანი.

15 მაისს ერთობლივი განცხადება გააკეთეს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და რვა რელიგიური გაერთიანებამ _ ამიერკავკასიის მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია,  ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ევანგელურ–ლუთერანული ეკლესია საქართველოში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში და ხსნის არმია საქართველოში.

განცხადებაში აღნიშნული იყო: ,,მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს საჯაროდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავიანთი სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებისა და პროპაგანდისაგან თავი შეიკავონ, რადგან ამგვარი ქმედება საზოგადოებრივი მორალისათვის არის მიუღებელი.“

ასევე, 16 მაისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, სადაც მითითებულია: ,,ასეთი მიდრეკილების მქონე ადამიანებს ეკლესია განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად.“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1805(2007) რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ,,კონვენციის მე-9 მუხლი იცავს რელიგიებს იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ უნდა შეეძლოთ, დაამკვიდრონ ღირებულებები თავიანთი მიმდევრებისათვის.“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1510(2006), ასევე 2021(2013) რეზოლუციაში ხაზგასმულია დისკრიმინაციის დაუშვებლობა უმცირესობების მიმართ. 1510  რეზოლუციის თანახმად, ,,აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება არის აუცილებელი მოთხოვნა დემოკრატიული საზოგადოებისათვის და ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური თავისუფლება, რათა ჩამოაყალიბოს ცხოვრებისა და საზოგადოების ხედვა.“

კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ 17 მაისამდე გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა მოწოდება ძალადობისკენ; უფრო მეტიც, უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ შემდეგ დღეებში გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ეკლესია  ემიჯნება ძალადობას; მან,  ასევე, საჯაროდ გააკრიტიკა სასულიერო პირები ძალადობის გამოვლენის გამო.(იხ.საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, 22.05.2013)

 

 

სახელმწიფოს რეაგირება 17 მაისის მოვლენებზე და რეკომენდაცია

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მკაფიო პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა პრემიერ მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ.  ხაზგასმით აღინიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა თანასწორია და დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით დაუშვებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა შექმნილ ვითარებაში მაქსიმალური ძალისხმევა და პასუხისმგებლობა, რითიც შესაძლებელი გახდა შესაძლო ფატალური შემთხვევების თავიდან აცილება და რიგ შემთხვევებში გამოვლენილი ძალადობისგან პირების დაცვა.

მ/წ 21 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა თანამშრომლებმა 17 მაისს მომხდარი ინციდენტის 4 მონაწილე დააკავეს დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე.  მოგვიანებით, კიდევ ოთხი  პირი, მათ შორის ორი სასულიერო პირი მიცემულ იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის გამო. ამჟამად, 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს რამდენიმე პირის მიმართ  სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში.

კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის უწყებებს, რომ თითეული ამ საქმეზე უნდა ჩატარდეს დროული, ეფექტური, ობიექტური გამოძიება და უზრუნველყოფილ იქნეს „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება.

შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, სამართალდამცავები, რომლებსაც ევალებათ წესრიგის უზრუნველყოფა შეკრების დროს, უნდა ფლობდნენ შეკრების მართვის ტექნიკასა და ე.წ. ,,რბილ“ უნარ-ჩვევებს.

ვინაიდან  შეკრების მართვა  მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს,  კომიტეტი რეკომენდაციას უწევს  შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრიორიტეტად განსაზღვროს   თანამშრომლების სპეციალური მომზადება მითითებულ საკითხებში. კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე უნდა განსაზღვროს კონტრშეკრების ხნება და მისი ორგანიზების წესი. შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორცილედეს საქართველოს კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“

კომიტეტი ხაზგასმით აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და რაიმე ტიპის დისკრიმინაციული მიდგომა რომელიმე პირის ან ჯგუფის მიმართ,  ეწინააღმდეგება სამართლებრივ სტანდარტებს და კატეგორიულად დაუშვებელია.

დასკვნაში წარმოდგენილი მოსაზრებები ასახავს კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის 17 მაისის ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ შეკრებასთან დაკავშირებული მოვლენების  საერთო შეფასებას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. 

კომიტეტი მიიჩნევს, რომ 17 მაისის მოვლენების ანალიზი და შეფასება ხელს შეუწყობს   საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და ევროპული ღირებულებების განმტკიცებას, სახელმწიფოს მიერ  ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების პრევენციასა და აღკვეთას.”

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი