ბოლო ოც დღეში ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 2000 ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერა. ადმინისტრაციული წესით იმ ადამიანებს აჯარიმებენ, ვინც ბულვარსა და ზღვის სანაპიროზე ნაგავს ყრიან. „ბათუმის ბულვარის” დირექტორის გურამ ჩიქოვანის თქმით, პლაჟს ზაფხულობით ყოველ დილით ალაგებენ. ბათუმის პლაჟი სექტორებად არის დაყოფილი და ნაწილი ელექტრონული აუქციონის ფორმით იჯარითაა გაცემული.

 

„6 საათზე ვიწყებთ და 7 საათამდე ყველაფერი არის დალაგებული, მაგრამ მერე დამსვენებლები მოდიან და ისევ ანაგვიანებენ. ამასთან მოიჯარეებს ხელშეკრულებაში დამატებით ჩავუწერეთ, რომ მათ მიერ აღებული იჯარის მონაკვეთი უნდა აკონტროლონ თვითონ, პლაჟი უნდა იყოს მოწესრიგებული და დასუფთავებული,” – ამბობს გურამ ჩიქოვანი.

 

მისივე თქმით, ბულვარის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს თითოეული ადამიანი გააკონტროლოს, მათი წარმომადგენლები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენები პლაჟზე არ დატოვონ, მაგრამ გაფრთხილება ნაკლებ ეფექტურია, გურამ ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ უფრო ეფექტური ჯარიმაა:

 

„ეს ჩვენი პირდაპირი ვალდებულება არაა, მაგრამ მოგვცეს უფლება, რომ ადმინისტრაციული ჯარიმა გამოვწეროთ. ვაჯარიმებთ მათ, ვინც ნაგავს ყრის. დღეში დაახლოებით ორ-სამ ჯარიმას ვწერთ. რაღაც მომენტში აისახა ბულვარზე. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ადამიანები დავაჯარიმოთ, ჩვენ ვიყენებთ ამას იმიტომ, რომ ადამიანებმა იცოდნენ, ნაგავი არ უნდა დაყარონ,” – ამბობს გურამ ჩიქოვანი.

 

ჯარიმის გადახდა სხვა ადმინისტრაციული ჯარიმების მსგავსად ხორციელდება. „ბათუმელები” დაინტერესდა, რა მდგომარეობაა აჭარაში პლაჟის სხვა მონაკვეთებზე. გასულ კვირას „ბათუმელებს” კვარიათის სანაპიროზე მყოფი დამსვენებელი დაუკავშირდა. მოქალაქის განცხადებით, კვარიათში, იქ, სადაც ზღვა ყურეს ქმნის, ზღვაში ნაგავი ეყარა. როცა ადგილზე მივედით, აღმოჩნდა, რომ ზღვაში საყოფაცხოვრებო ნარჩენები იყო ჩაყრილი. აჭარის გარემოს დაცვის სააგენტომ ზღვის დაბინძურების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ჩანტლაძე ამბობს, რომ ფაქტი შეისწავლეს, მაგრამ არავინ დაუჯარიმებიათ, რადგან იმ პირის ვინაობა ვერ დადგინდა, ვინც ზღვაში ნარჩენი ჩაყარა. როგორ ახდენს მონიტორინგს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ზღვის ნაპირის დანაგვიანების რამდენი ფაქტია მიმდინარე წელს გამოვლენილი? – ამ კითხვით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის იურისტს, ლანა კიკავას მივმართეთ.

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე პრიმა მუხლის მიხედვით ვხელმძღვანელობთ. ამ მუხლის მეორე და მესამე ნაწილი არის მხოლოდ ჩვენი ქვემდებარე. მეორე ნაწილი ეხება საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების, სხვადასხვა უვარგისი კონსტრუქციების, მიწის, კლდოვანი ქანების დაყრას ზღვებში, მდინარეებში, მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში. ასევე პარკებში, ბაღებში, სკვერებსა და მოედნებზე,” – ამბობს ლანა კიკავა.

 

მისივე თქმით, იმ იმ შემთხვევაში, თუკი სამართალდარღვევას აღმოაჩენენ, ადმინისტრაციული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 200 ლარია, ხოლო იურიდიულისთვის – 1000 ლარი.

 

კითხვაზე, ხორციელდება თუ არა მონიტორინგი და თუ კი, რა ფორმით, ლანა კიკავა პასუხობს: „ჩვენ გვყავს მობილური ჯგუფები, რომელიც დადიან და მონიტორინგს ახორციელებენ ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე. თუ დავაფიქსირებთ დარღვევას, აუცილებლად მოხდება რეაგირება ჩვენი მხრიდან. ზოგჯერ მოქალაქეები რეკავენ ან განცხადება შემოდის და ასე შემდეგ. სხვადასხვა გზა არსებობს იმისთვის, რომ ჩვენამდე მოვიდეს ინფორმაცია”.

 

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურს ფუნქციები მიმდინარე წლის მაისში გაეზარდა, ჯერჯერობით არც ერთი პირი არ დაუჯარიმებიათ.

 

„მაისის შემდეგ სამართალდარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. შეიძლება თვითონ ფაქტი ნახო, მაგრამ ვერ ნახო სუბიექტი, ვისზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრება. ვისზეც შეგვეძლება ადმინისტრაციული ღონისძიების გატარება, აუცილებლად გატარდება და ეს იქნება სახდელი ადმინისტრაციული ჯარიმა,” – ამბობს ლანა კიკავა.

ბათუმი პლაჟი
ბათუმი პლაჟი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *