“საქმე ეხება გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირთან, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ფონდი „ქართუს “მიერ ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ ფინანსურ მხარდაჭერას. ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ფონდი ახორციელებს, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტია“, რომელიც მიზნად ისახავს დაბალპროცენტიანი აგროკრედიტების გაცემას. საზოგადოების მხრიდან საარჩევნო მიზნების მქონე პირთან ასოცირებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ამომრჩევლის მატერიალური დაინტერესებისკენ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის მიერ დადგენილი შეზღუდვებს და მიზნებს ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველ ანგარიშში, რომელსაც ISFED-ი აქვეყნებს.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას თქმით, სოფლის მეურნეობის დაფინანსების ფონდში “ქართუ” ერთ–ერთი ძირითადი შემომწირველია:
“შემდეგ ამ ფულით ხდება სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსება. ამ პროექტებით სარგებლობენ რიგითი მოქალაქეები, ამიტომ ეს შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა. ფონდ “ქართუში” ფიგურირებენ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამიტომ ფონდ “ქართუს” მოვუწოდებ, რომ სოფლის მეურნეობის ფონდში თანხის გადარიცხვა შეაჩეროს,” – აცხადებს ლომჯარია.
ISFED-ში მიაჩნიათ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გართიანებების შესახებ“ კანონის პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო საქაველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ შეაჩეროს ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდში“ ფინანსური და სხვა მატერიალური/არამატერიალური კონტრიბუციის განხორციელება და ამ კონტრიბუციის საფუძველზე მოქალაქეთათვის სხვადასხვაგვარი მატერიალური დახმარების გაწევა, “ვინაიდან აღნიშნული საქმიანობა შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა”.
“სამართლიანი არჩევნები” მიუთითებს, რომ საანგარიშო პერიოდში (2013 წლის 1 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით) ორგანიზაციას ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები არ დაუფიქსირებია.
