ახალი ამბები

კუკავა: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 20%-იანმა მარგველაშვილმა მიიღოს 60%

22 ივლისი, 2013 • • 1056
კუკავა: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 20%-იანმა მარგველაშვილმა მიიღოს 60%

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს პარტიების წარმომადგენლებმა განუცხადეს, საუბარი შეეხება წინასაარჩევნო გარემოს და ამ თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს.

 

კახა კუკავა
კახა კუკავა

“ამ საკითხმა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. დღეს ჩვენ, 12 არასაპარლამენტო ოპოზიციას, გვაქვს შეხვედრა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ამ შეხვედრაზე იქნებიან ევროპის კავშირის, ევროპის საბჭოს, გაეროს წარმომადგენლები, აგრეთვე, სხვა ორგანიზაციები და ისინი დაინტერესებულები არიან არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებებით. საქართველოში სულ უფრო და უფრო მცირდება შანსი იმისა, რომ ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა გააკეთა ძალიან კარგი განცხადება იმის შესახებ, რომ ეს არჩევნები იქნებოდა თავისუფალი, რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი მისი გუნდი ემზადება გაყალბებისთვის და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 20–პროცენტიანმა მარგველაშვილმა პირველივე ტურში მიიღოს 60 პროცენტი, რაც, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პირობებში. ჩვენ მთელი რიგი შენიშვნები გვაქვს, როგორც საარჩევნო სიებთან, ისე საარჩევნო ადმინისტრაციასთან, კამპანიის დაფინანსების, დავების განხილვის და უფასო რეკლამასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხებზე იქნება დღეს საუბარი”, – განაცხადა “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ.

 

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის, მამუკა კაციტაძის განცხადებით კი, არასაპარლამენტო ოპოზიცია ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში 9 ივლისს შემუშავებული მემორანდუმის აღდგენას ითხოვს, რომელშიც მისი თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება პარტიების დაფინანსების, საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის და უფასო რეკლამის საკითხებს, შეთანხმებები იყო მიღწეული და ეს შეთანხმება “ქართულმა ოცნებამ” ჩაშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი