“პოლიტიკური შეხედულების გამოხატვის უფლება ყველას გააჩნია, მაგრამ პოლიტიკური შეხედულება არ გამოიხატება ქვების და ბოთლების სროლით, განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანების ფიზიკური დევნით. ამიტომ ის, რაც მოხდა გუშინ ზუგდიდში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი. მე ასევე ძალიან საგანგაშოდ მიმაჩნია ის, რომ ყველა ეს ადამიანი დღეს გამოუშვეს 100- ლარიანი ჯარიმის საფასურად. თუ ჩვენ გვეცოდინება, რომ ამ ქვეყანაში ძალადობის და ქვების სროლის ფასი არის 100 ლარი, მაში ვერსდროს ამ ქვეყანაში ვერ დალაგდება სიტუაცია და ვერასდროს ვერ გადავალთ ნორმალურ, ცივილიზებულ დიალოგზე. ამიტომ, მე ვფიქრობ, ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, არა მხოლოდ იმით, რომ პოლიცია მუშაობს, სხვათა შორის, დღესაც და გუშინაც პოლიციამ კარგად იმუშავა და მე მათ მადლობას ვუხდი, მაგრამ პოლიციის მუშაობა არის არა მხოლოდ ადამიანების განცალკევება, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან მოდიოდეს სიგნალი, რომ ძალადობა მიუღებელი და დასჯადია. ეს არის მთავარი”– განაცხადა ბაქრაძემ.
დღეს, 21 ივლის ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერი აქციის ფონზე დაიწყო. პრაიმერის დაწყებამდე სამართალდამცველებმა ერთი პირი, მამუკა გორგოძე დააკავეს. დაკავებისას პოლიციამ მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა. პოლიციელების განცხადებით, გორგაძემ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. ბათუმში აქცია “პატრიოტთა ალიანსის” მიერ იყო ორგანიზებული. აქციისს მონაწილეებმა პრაიმერის დელეგატებს კვერცხები დაუშინეს.
აქციის ფონზე გაიმართა გუშინდელი პრაიმერი ქალაქ ზუგდიდშიც. მონაწილეებმა დელეგატებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ 12 პირი დააკავა, რომლებიც დღეს სასამართლომ ას– ასლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
