“გუშინ ზუგდიდში “ერთიანი ნაიონალური” მოძრაობის, პოლიტიკური ღონისძიების, კერძოდ, პრაიმერის ძალადობრივი გზით ჩაშლა სცადეს. ამ ფონზე იკვეთება შემდეგი, ერთი ის, რომ “ქართული ოცნება” თავის წინა საარჩევნო ტაქტიკად- იმისათვის, რომ გადაფაროს ეკონომიკის კატასტროფული ვარდნა და ოცნების საპრზიდენტო კანდიდატის დაბალი რეიტინგი- იყენებს ძალადობას. ეს ძალადობა დაწყებულია თვეების განმავლობაში, გუშინდელი დღე იყო ერთ–ერთი ნიშანდობლივი შემთხვევა ამ ყველაფრის. ამავე დროს იკვეთება, თუ რა არის სამართლიანობის ფასი “ქართული ოცნების” ხელისუფლებისათვის. თუკი თქვენ აპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას ან უნივერსიტეტების ავტონომიის წინაშე არსებულ საფრთხეს, ჯარიმა შეიძლება იყოს 400–1000 ლარამდე. თუკი თქვენ ფიზიკურად შეეხებით პოლიციელს და, მით უმეტეს, დეპუტატს და ქვებს ესვრით საპრეზიდენტო კორტეჟს თუ საპარლამენტო და პარტიულ დელეგაციას, მაშინ თქვენი ჯარიმა დაახლოებით 100 ლარია”– განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. 

 

მისივე თქმით, არსებობს ჯგუფები, რომელთა ინიციატივითაც ხდება ადამიანთა მობილიზება, მათ შორის “ქართული ოცნების” აქტივისტეების და გამგეობის წარმომადგენლების ინიციატივით:  

 

“ამ ჯგუფებში აქტიურობისათვის, იმ ეგზალტირებისათვის, რასაც ისინი ავლენენ, მცირე ფულად ჯარიმასთან ერთად მიიღონ დაწინაურება იმ შტურმავიკულ ჯგუფებში, რომელიც შექმნილია. ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ სამართლებრივი და წინაასარჩევნო გარემო ზოგადად, მიუხედავად იმისა, რამდენად პლურალისტული იქნება მედია, არის უსამართლო. დღეს პრაიმერი დაგეგმილია ბათუმში.  წინასწარი ინფორმაციით, იგივე ქმედებების განხორციელებას აპირებენ ეს ჯგუფები, რომლებიც დასდევენ პოლიტიკურ ოპოზიციას”.–განაცხადა მან. 

 

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა 20 ივლისს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პარტია მას ემიჯნება: 

 

“რაც მოხდა მეტად სამწუხაროა. ჩვენ ვემიჯნებით მომხდარს, ამ ძალადობას და საერთოდ ყოველგვარ ძალადობას. ქართული ოცნება 1 ოქტომბერს იმიტომ მოვიდა ხალხის გადაწვყეტილებით, რომ დამთავრებულიყო საქართველოში ძალადობის ეპოქა და შეცვლილიყო იგი დემოკრატიულობით. ეს არის ჩვენი ერთადერთი მიზანი. თუკი ვინმემ დააშავა, იქნება ის ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ პარტიის წევრი, ის პასუხს აგებს. პოლიციამ, უკვე მერამდენედ, აჩვენა ძალიან მაღალი სტანდარტი , თუ როგორ უნდა დაიცვა მოქალაქეები. ჩვენი პარტიის მხრიდან არ ყოფილა მსგავსი დავალება. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას. თუ ვინმეს აზრად მოუვიდა ასეთი სიმახინჯის ჩადენა, ეს იქნება გამოძიებული, როგორც შსს-ს მინისტრმა განაცხადა. მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს, ვინაა ხელისუფლებაში და ვინაა ოპოზიციაში, კანონი ყველასთვის ერთნაირი იქნება. რთულია მოსთხოვო სამართალდამცავებს, რომ შესძლოს დაოკება ემოციისა, იმ ხალხისა, რომელიც წლების განმავლობაში ითმენდა ტერორსა და ძალადობას. სამართალდამცავებმა დღეს მაქსიმუმი გააკეთეს. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც. საარჩევნო და საერთოდ, პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ჯანსაღად და დემოკრატიულად უნდა წარიმართოს. ამის გარანტი ხელისუფლება და ხალხია, მაგრამ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცეს არცერთი პოლიტიკური ძალა”– განაცხადა მან. 

 

20 ივლისს ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინვე დააკავა 12 პირი,საქმე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აღიძრა. სასამართლომ დაკავებულები ას–ასლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *