2013 წლის 14 ივნისს სასამართლომ დამნაშავედ ცნო წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებული 17 ადამიანი, რომლებიც წარსულში გლდანის #8 დაწესებულებაში მუშაობდნენ. როგორც “ნეტგაზეთისთვის” გახდა ცნობილი, 11 მათგანს 2011-12 წლებში სხვადასხვა სახის სატრენინგო პროგრამა აქვს გავლილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში:
გლდანის #8 დაწესებულების ყოფილ კონტროლიორ ლევან ფხალაძეს და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ბორის ფარულავას (იგივე “ბასტი” და “ბუბუ”), რომლებიც გასულ წელს წამების ბრალდებით დააკავეს, 2012 წელს გავლილი აქვთ სატრენინგო პროგრამა, სახელწოდებით – “ეფექტური კომუნიკაცია და ტაქტიკური მომზადება”. ამავე საპყრობილის ყოფილ თანამშრომელს – გურამ ცომაიას, რომელსაც სასამართლომ პატიმართა წამების საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2011 წელს გავლილი აქვს სატრენინგო პროგრამა, სახელწოდებით – “დისციპლინური პასუხისმგებლობა”. იმავე პატიმართა წამების საქმეზე გასამართლებულ ალექსანდრე ჯანჯღავას (გლდანის #8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი) 2012 წელს გავლილი აქვს სატრენინგო პროგრამა – “ტრენერობის უნარ-ჩვევებში”.
საერთო ჯამში, ამ საქმეზე გასამართლებულთა უმრავლესობას სატრენინგო პროგრამა “ეფექტურ კომუნიკაციასა და ტაქტიკურ მომზადებაში” აქვს გავლილი. თუმცა ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ დააპატიმრეს და გაასამართლეს, როგორც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში უშუალო მონაწილეები.

“მე ადრეც ვთანამშრომლობდი ამ ცენტრთან და მახსოვს, რომ 2011-12 წლებში რეჟიმის სამსახურის სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, მიდგომა ისეთი იყო, რომ ამ ადამიანებს არ ჭირდებათ ადამიანის უფლებების ცოდნა. ამასთანავე, მათი მარეგულირებელი საკანმდებლო ბაზა ნაკლებ ინფორმირებულად ისწავლებოდა, მხოლოდ ძალის გამოყენებაზე და ტაქტიკურ მომზადებაზე ჰქონდათ გადამზადება.
ჩვენ ვაპირებთ ადამიანის უფლებების მიმართულების გაძლიერებას ცალსახად! ადამიანის უფლებებში მე არ მოვიაზრებ მხოლოდ პატიმრის უფლებებს, არამედ იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც მუშაობენ სისტემაში. მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ საკანონმდებლო ნაწილი – რა უნდა გააკეთონ და რა – არა. თუ ეს არ იცის, ვერც მიხვდება, რა კანონდარღვევებს ჩადის”, – აცხადებს მაია ხასია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
როგორც მაია ხასია განმარტავს, თავად ცენტრის ხელმძღვანელობა ადგენს სასწავლო პროგრამებს, თუმცა მისი თქმით, მას არ შეუძლია დაბეჯითებით თქვას, რომ ადამიანის უფლებების კურსის ამოღება პროგრამიდან, უშუალოდ მისი წინამორბედის – ნატო გუგავას გადაწყვეტილება იყო.
“მე, როგორც ვიცი, ეს უფრო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელობის მოთხოვნა იყო, რომ კურსიდან ამოეღოთ ადამიანის უფლებები”, – აცხადებს ხასია.
ნატო გუგავა, სასწავლო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი [სასჯელაღსრულების სისტემაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობს 2004 წლიდან], რომელიც 2013 წლის 18 მარტს დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ სასწავლო ცენტრის პროგრამიდან ამოღებული იყო ადამიანის უფლებების კურსი:
“ყველა პროგრამა ყოველ წელს დგებოდა ექსპერტების მონაწილეობით და გადიოდა საერთაშორისო ექსპერტიზას. ადამიანის უფლებები იყო უპირველესი,” – აცხადებს ნატო გუგავა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ცენტრის მოქმედი ხელმძღვანელობა.
ხასიას თქმით, პრობლემატურია, ასევე, ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების არც ერთ ყოფილ და მოქმედ დირექტორს არა აქვს გავლილი გადამზადება მათ ცენტრში:
“ყველაზე დიდი ხარვეზი იყო ის, რომ არ ხდებოდა ხელმძღვანელი რგოლის გადამზადება. როცა ცოდნით არ არის აღჭურვილი ზედა რგოლი, ეს გამოიწვევს პრობლემას ქვედა რგოლში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ყოველდღე ვერ იქნება ყველა დაწესებულებაში, ადგილზე მითითებები უნდა გასცენ დირექტორებმა და ესენი უნდა იყვნენ ყველაზე სწორად გადამზადებული ხალხი სისტემაში. ანუ ჩვენ თუ გადავამზადებთ სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებს და მოადგილეებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონვე იმუშავებენ ამ კუთხით სისტემის შიგნით.”
სასწავლო ცენტრში საპყრობილეების დირექტორების და მოადგილეების გადამზადება მიმდინარე წლის შემოდგომიდანაა დაგეგმილი.
სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არსებული სასწავლო ცენტრი 2005 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა და სწორედ ეს ცენტრია პასუხისმგებელი ამ სისტემაში დასაქმებული 4000-ზე მეტი თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ცენტრის ხუთწლიანი საქმიანობის ანგარიშში, რომელიც 2010 წელს გამოიცა, აღნიშულია, რომ მომზადდა სასჯელაღსრულების სისტემის 5 000-ზე მეტი, პრობაციის სისტემის 700-ზე მეტი და სამინისტროში დასაქმებული 90-მდე თანამშრომელი:

“სასწავლო ცენტრის წარმატებები მაღალკვალიფიციურ თანამშრომელთა გუნდის დამსახურებაა”, – აცხადებდა ცენტრის მაშინდელი ხელმძღვანელი ნატო გუგავა.
თუმცა ცენტრის ახლანდელი ხელმძღვანელობა იმ ტრენერების კვალიფიკაციის პრობლემაზეც საუბრობს, რომლებიც წინა პერიოდში ამზადებდნენ სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს:
“ტრენინგები ტარდებოდა მოწვეული სპეციალისტების მიერ. ტრენერების ძველი ბაზიდან აქტიურ პროცესში 30% ჩავრთე მხოლოდ”, – აცხადებს მაია ხასია. მისივე თქმით, მას არ შეუძლია ზუსტი ციფრის დასახელება, თუ რამდენი პროცენტია გადამზადებული მათ ცენტრში სასჯელაღსრულების სისტემის მოქმედი თანამშრომლებიდან:
“შეიძლება გადამზადებული იყო ბევრი, მაგრამ ხშირია კადრები დენადობა: ბევრი გაათავისუფლეს, ბევრმა თვითონ დატოვა სამსახური. ამდენად, ზუსტი ციფრი არ გვაქვს. შეიძლება შარშან 1200 კაცი გადაამზადეს, მაგრამ აღარ არის დარჩენილი ეს კადრები.”
მაია ხასია სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს. მანამდე ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე დანიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

“ერთ მშვენიერ დღეს მითხრეს, რომ უნდა გადავსულიყავი სასწავლო ცენტრის დირექტორად იმიტომ, რომ ჩემი რესურსი იყო საჭირო იქ”, – აცხადებს მაია ხასია.
უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი? იყო თუ არა ამის მიზეზი დაპირისპირება სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროს მირზა სუბელიანთან? რა პრობლემების წინაშე იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებები და რისი გაკეთება მოახერხა ან ვერ შეძლო, როცა ის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა? რა საკითხების მოწესრიგებას აპირებს უპირველეს ყოვლისა სასწავლო ცენტრში? – ამ და სხვა საკითხებზე გთავაზობთ აუდიოინტერვიუს მაია ხასიასთან.
