საავადმყოფოში მიყვანისას პაციენტის ზუსტ მდგომარეობად გაურკვეველი მედიკამენტური ინტოქსიკაცია, კომა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა განისაზღვრა. გიორგის დეიდის განცხადებით, პირველი ორი დღის განმავლობაში მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა  საავადმყოფოში მოხვედრიდან მესამე დღეს გიორგი სამხარაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა, კომიდან გამოვიდა, იცნო დეიდამისი, ესაუბრა კიდეც, ხელ–ფეხს ამოძრავებდა და საჭმელიც მოითხოვა.

 

ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის მოქალაქეთა მომსახურების და ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელის მარინა გელანტიას განცხადებით, პაციენტი მეხუთე სართულიდან 19 ივლისს, 20:00 საათზე გადმოხტა და დღეს, 20 ივლისს, დილის 09:00 საათზე გარდაიცვალა.

 

თუმცა გარდაცვლილის დეიდა აღნიშნავს, რომ მას ზუსტი ინფორმაცია არ მიაწოდეს, გადმოხტომის შემდეგ ცოცხალი იყო თუ არა მისი დისშვილი. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ გიორგი გუშინ საღამოს დაიღუპა და მხოლოდ დღეს შეატყობინეს ახლობლებს.  

 

ქალბატონმა მაკამ გიორგი 19 ივლისს, დღის პირველ ნახევარში ნახა. მისი განცხადებით,  17:22 საათზე დატოვა  საავადმყოფო და 10 საათზე, როცა დისშვილის მდგომარეობის გასაგებად დარეკვას  აპირებდა, საავადმყოფოდან თავად დაურეკეს.

 

“მითხრეს, რომ გიორგის თაობაზე რეკავდნენ, ვკითხე, ხომ მშვიდობაა-მეთქი, საავადმყოფოში რომ მობრძანდებით, გაიგებთო. მივედი საავადმყოფოში, დავრეკე და გავაგებინე, რომ მისული ვიყავი და ველოდებოდი. ჩამოვიდა განყოფილების გამგე და მითხრა, რომ მძიმე სიტუაციააო. ვკითხე, ბავშვი დაიღუპა-თქო? და პასუხი არ გამცა. მეხუთე სართულიდან გადახტაო. სიმართლე მითხარით, დაიღუპა თუ არა- თქო? პასუხი არ იყო- არც ჰო, არც არა. მე შოკში ჩავვარდი, მეგობარი გოგონა მახლდა და “კაპლიც” არავინ მომაწოდა თურმე, გათიშული როცა ვიყავი”.

 

ქალბატონი მაკას განცხადებით, საავადმყოფოში პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ. იგი ამბობს, რომ მას შელაპარაკება პოლიციის თანამშრომელთან მოუვიდა, რადგან  უხეშად მიმართავდა, მოგვიანებით კი ექიმი ჩამოვიდა და უთხრა, რომ გიორგი სამხარაძეს დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი, ტვინი და სისხლდენის შეჩერებას ცდილობდნენ:

 

“გადის რამდენიმე საათი, ისევ ჩამოვიდა ექიმი და გვითხრეს, რომ სისხლდენა შევაჩერეთ, ტამპონები და დრენაჟები ჩავუყნეთ. ახლა გულის მუშაობა და წნევაა დასარეგულირებელი და რეანიმაციაში გვყავს გადაყვანილიო. ერთადერთი ის ვიცი, რომ გუშინ საღამოს დაიღუპა ბავშვი და გვატყუებდნენ დღემდე, რომ ბავშვი მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ რეანიმაციაში იყო და მეორე ოპერაციას ჯერ ვერ უკეთებდნენ,” – აცხადებს დეიდა.

 

მისივე თქმით, დღეს, 20 ივლისს, დილის 10 საათზე პატრულის თანამშრომლების მეშვეობით გაარკვიეს, რომ გიორგი სამხარაძე გარდაცვლილი იყო. ცხედარი კი  ლევან სამხარაულის სახელობის  ექსპერტიზის ბიუროში გადაიტანეს.

 

ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის  მოქალაქეთა მომსახურების და ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელი მარინა გელანტია გამორიცხავს, რომ გიორგი სამხარაძის დეიდისთვის, გადმოხტომის შემდეგ, პაციენტის მდგომომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მიეწოდებინათ:

 

“რეანიმაცია–ანესთეზიოლოგიის განყოფილების გამგე ნიკა ქავცივაძე 3–ჯერ ჩავიდა და ელაპარაკა პაციენტის ახლობლებს. თვითონ ნიკას არ ჩვევია, თავისი პროფესიული დონიდან გამომდინარე, არასდროს არ ამბობს დასამშვიდებელ რამეს, ის ამბობს რეალობას, რაც არის. ის დასამშვიდებელ და დასაიმედებელ სიტუაციას ნამდვილად არ ეტყოდა პაციენტის ახლობლებს და სამჯერვე ჩააყენა საქმის კურსში პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ”.

 

გიორგი სამხარაძის დეიდა საავადმყოფოს წინააღმდეგ ჩივილს აპირებს:

 

“ვაპირებ სასამართლოში ჩივილს, რადგან ცოცხალი ბავშვი არ გამატანეს სახლში და მომაკვდავსაც არ მანახებდნენ ამ დრომდე. სანამ პოლიცია არ მოვიდა, არ მითხრეს, რომ დაღუპული იყო”.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ არ გაწერეს პაციენტი, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და თან გაწერას მოითხოვდა, მარინა გელანტიამ  გვიპასუხა:

 

“ჩვენ რომ გვცოდნოდა, ეს ასე დამთავრდებოდა, არ გავაყოლებდით კი არა, შევეხვეწებოდით, მაგრამ მეორე მხრიდან შევხედოთ, ასეთი პაციენტები საკმაოდ საყურადღებონი არიან. ის შეიძლება სახლში წაეყვანა და იქ გაეკეთებინა. თავიდან ხომ არ არის ცნობილი, რამდენი ტაბლეტი აქვთ მიღებული, ზოგს ერთ თვე, ზოგს ერთი კვირაც არ ყოფნის, რომ გაიღვიძოს, იმდენად არაადეკვატურები და აღზნებული ფსიქიკით იღვიძებენ. სრული სედაცია და დაკვირვება მიმდინარეობს, რომ რამე გართულება არ მივიღოთ. 16–ში შემოვიდა, გუშინ 19 რიცხვი იყო, როცა აპარატიდან მოვხსენით, ნამდვილად არ იყო აუცილებლობა იმისი, რომ გუშინვე გაწერილიყო პაციენტი, მისი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებიდან”,– განგვიცხადა მან.  

 

მანანა გელანტია გიორგი სამხარაძის გადაწყვეტილებას სწორედ მედიკამენტური ინტოქსიკაციით გამოწვეული ეფექტით ხსნის:  

 

“მისი ინტოქსიკაციის ხარისხი იმდენად ძლიერი იყო, კომატოზურ მდგომარეობაში იყო  და კლინიკამ ამ სიტუაციიდან გადაარჩინა. თუმცა ამ ინტოქსიკაციას თან ახლავს ასეთი არაადეკვატური, ფსიქომოტორული აღგზნებები, რომელიც, სამწუხაროდ, დაფიქსირდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ამ პიროვნებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და  ხელი ვერ შეუშალა იქ მომუშავე მედპერსონალმა. მათ ეს ვერ შეძლეს და მოახერხეს, სამწუხაროდ”.

 

გიორგი სამხარაძის დეიდა, ქალბატონი მაკა, მედპერსონალის უხეშ და გულგრილ ქცევაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი ამბობს, რომ როცა სავადმყოფოში დისშვილის მდგომარეობის გასარკვევად რეკავდა, ამომწურავ ინფორმაციას ვერ იღებდა პერსონალისგან. მისივე თქმით, გიორგიმ უთხრა, რომ მას ექიმმა დაარტყა, თუმცა ექიმის სახელი და გვარი კონკრეტულად არ იცის. თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე გიორგიმ დაჟინებით მოითხოვა საავადმყოფოდან წაეყვანათ.

 

“მე ვუთხარი, გიო, რა ვქნა, ცუდად რომ გამიხდე სახლში- მეთქი, სხვა საავადმყოფოში წამიყვანე, თუ ცუდად გავხდები, ოღონდ აქ არ მომიყვანოო”.

 

ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში აღნიშნულ ბრალდებასაც უარყოფენ, მარინა გელანტიას განცხადებით, პაციენტისთვის ხელის დარტყმა ექიმის მხრიდან გამორიცხულია.

 

“როცა კომატოზური მდგომარეობის შეფასებაა, მექანიკური ზეგავლენა ხდება პაციენტის რეაქციის გამოსაწვევად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ექიმი პაციენტის სცემს, ეს გამორიცხულია”.

 

გიორგი სამხარაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *