ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვით აკავედნენ, ხოლო დელეგატები შენობაში კორდონის მეშვეობით შევიდნენ. პრაიმერი უკვე დაიწყო და ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა გიორგი ვაშაძემ:
“დღეს მართლაც ძალიან რთულია საუბარი, როდესაც ასეთ ფონზე შევხვდით და ხელოვნურად მობილიზებული ჯგუფები დაგვახვედრეს ამ შეხვედრაზე, მაგრამ ჩვენ უკან ვერ დავიხევთ იმიტომ, რომ ჩვენ, რომ უკან დავიხიოთ, ჩვენს უკან მთელი საქართველო დგას. და ჩვენს უკან ასი ათასობით ადამიანი დგას. ამიტომ ჩვენ უფლება არ გვაქვს უკან დახევის”.– განაცხადა ვაშაძემ.
აქციის მონაწილეებს შორის იყო “დაიცავი საქართველოს” წარმომადგენელი კახა მიქაია:
“სამეგრელო საბოლოოდ ეუბნება არას “ნაციონალურ მოძრაობას”, ეუბნება არას შიშს, გაუპატიურებას, ეუბნება არას ღირსების აყრას. ჩვენ ვართ თავისუფლების და ღირსების მომხრე. ჩვენ მოვიპოვეთ ეს თავისუფლება და ღირსება და ამას არ დავთმობთ.”. –განაცხადა მიქაიამ.
ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით საყვარელიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ დარბაზში შემსვლელებს ქვები დაუშინეს.
