ახალი ამბები

ღარიბაშვილი “ჯიჰადის” სახელით გავრცელებულ ვიდეოებზე: ასეთი გამოძიების დროს სიჩქარე არ არის საჭირო

20 ივლისი, 2013 • • 1016
ღარიბაშვილი “ჯიჰადის” სახელით გავრცელებულ ვიდეოებზე: ასეთი გამოძიების დროს სიჩქარე არ არის საჭირო

“მე არ ვთვლი, რომ ეს ძალიან გაჭიანურებულია, პირიქით, ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე მე არ ვახმაურებ გამოძიების დეტალებს, ვინაიდან გამოძიების დასრულებამდე ჩვენ არ გვსურს ისეთი დეტალები გავახმაუროთ, რაც ნეგატიურ გავლენას  იქონიებს გამოძიების შედეგებზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ ყველანი ერთად. არ არის საჭირო ასეთი სენსიტიური გამოძიების დროს სიჩქარე”.

 

მინისტრის განცხადებითვე, აღნიშნულ გამოძიებაში სხვა სტრუქტურის ჩართულობის აუცილებლობას ვერ ხედავს:

 

“ჩემი სამინისტროს მუშაობაში, მე არავის არ მივცემ უფლებას, რომ  ჩაერიოს. მე არავის საქმიანობაში არ ვერევი და ნურც ნურავინ  ჩაერევა, ეს ძალიან მარტივია და ნურც ნურავინ შეეცდება, რომ გამოძიებაზე რაიმე ზეგავლენა იქონიონ”– განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა  დაიჭრა. 5 ივნისს კი გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით – “თალიბების ჯიჰადი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან”. ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეომასალა შეიცავს მუქარას ქართველი მებრძოლებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 7 ივნისის განცხადებით, youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით მოკვლევა უცხოელი ექსპერტების დახმარებით მიმდინარეობს. 

 

გარდა ამისა აღნიშნულ ვიდეოებზე კომენტარი გააკეთა  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის  სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ. მისი განცხადებით, ნატო ინფორმირებულია იმ ვიდეოებთან დაკავშირებით, რომელიც ჯიჰადს ეხება და დასკვნას ელოდებიან, რომელიც რეალობას ნათელს მოჰფენს. 

 

“მინდა გითხრათ, რომ გენერალურმა მდივანმა მომხდარის შემდეგ ISAF–ის სარდლობას თხოვა ყველა ინფორმაციის გარკვევა, რაც ადგილზე ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ინფორმაცია იმ ვიდეოების შესახებ, რომელიც ჯიჰადს ეხება და გავრცელდა ინტერნეტით, ჩვენ ამიტომაც გვსურს ვიცოდეთ სრულყოფილად რა არის სინამდვილეში, რა არის რეალური და რა არა. თუ ადგილზე გაზრდილია საფრთხე და რისკები ქართველი ჯარისკაცების მიმართ, ეს ინფორმაცია სრული ანალიზის შემდეგ მალევე გვეცოდინება. ველოდებით დასკვნებს, რა თქმა უნდა, ეს გაკეთდება საქართველოს მთავრობის ჩართულობით. მათთან მჭიდრო კავშირში ვართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვეცოდინება, რა არის რეალურად”– განაცხადა აპატურიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი