ტოიოტა ჰაილუქსი
ტოიოტა ჰაილუქსი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტრონული ტენდერის გამართვის შემდეგ ტენდერის ერთადერთ მონაწილე “ომეგა მოტორსთან” 2013 წლის 7 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება და შეიძინა 2013 წელს გამოშვებული 7 ავტომობილი MINI Cooper Countryman. თითოეული ავტომობილის ფასი, ხელშეკრულების მიხედვით, 40 550 ლარია, შესყიდვის საერთო ღირებულებამ კი 283 850 ლარი შეადგინა.

 

შსს–მ აღნიშნული ავტომობილების შესყიდვის წინა დღეს, 6 ივნისს, 50 ახალი, 2013 წელს გამოშვებული “ტოიოიტა ჰაილუქსი” იყიდა.  ტენდერში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოცხადდა, “ტოიოტა ცენტრ თბილისს” კონკურენტი არ ჰყოლია. შსს–მ თითო “ტოიოტა ჰაილუქსში” 40 000 ლარი გადაიხადა, კომპანიისთვის გადახდილმა საერთო თანხამ კი 2 მილიონი ლარი შეადგინა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივნისს “ტოიოტა ცენტრ თბილისისგან” ასევე იყიდა 3 კვადროციკლი, თითოეული ღირებულება 30 200 ლარია. შესყიდვის საერთო ღირებულება კი  90 600 ლარია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ ავტომობილების შესყიდვა 2013 წლის იანვრიდან დაიწყო. პირველი შენაძენი 31 იანვარს გაკეთდა. შსს–ს მომსახურების სააგენტომ ამ დღეს “იბერია ავტო ცენტრისგან” 360 ერთეული Skoda Octavia იყიდა, თითოეულის ღირებულება 33 300 ლარია, საერთო ღირებულება კი – 11 988 000 ლარი.

 

შემდეგი შენაძენი შსს–ს მომსახურების სააგენტომ 2013 წლის  აპრილში გააკეთა. ამ დღეს უწყებამ 9 ახალი “ტოიოტა ჰაილენდერი” იყიდა “ტოიოტა ცენტრ თბილისისგან”. ავტომობილებში გადახდილმა საერთო თანხამ მიაღწია 630 000 ლარს. მომსახურების სააგენტომ ამავე პერიოდში იგივე კომპანიისგან სამი ახალი “ტოიოტა ჰაილუქსი 3.0” იყიდა, რომელშიც, ჯამში, გადაიხადა 131 100 ლარი. ასევე აპრილშია ნაყიდი 2013 წელს გამოშვებული 3 “ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო”, საერთო ღირებულით 189 000 ლარი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 6 აპრილს ამავე წელს გამოშვებული 2 “ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო 4.0”  იყიდა. ერთი ავტომობილის ღირებულება 93 000 ლარია. ამავე დღესვე 121 700 ლარად არის ნაყიდი ერთი “ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200”.

 

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების სააგენტომ 8 აპრილს 9 ახალი Skoda Octavia იყიდა, თითოეული 41 200 ლარად, საერთო ჯამში კი, “იბერია ავტო ცენტრს”გადაუხადა 370 800 ლარი.

 

შსს–ს მომსახურების სააგენტომ 11 აპირლს 7 ახალი, 2013 წელს გამოშვებული “ტოიოტა რავ 4” იყიდა, რომელშიც, ჯამში, “ტოიოტა ცენტრ თბილისს” 351 000 ლარი გადაუხადა. ამავე წლის მაისში კი სახელმწიფო უწყებამ “იბერია ავტო ცენტრისგან” იყიდა 11 ახალი Skoda Octavia ჯამში 451 220 ლარად. 

 

პოლიციის მინი კუპერი. ფოტო გავრცელდა ფეისბუქით
პოლიციის მინი კუპერი. ფოტო გავრცელდა ფეისბუქით

ჯერჯერობით არ არის დასრულებული ტენდერი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მიმდინარე წლის 4 ივლისს გამოაცხადა. სატენდრო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო სტრუქტურას სურს შეისყიდოს 2013 წელს გამოშვებული 28 ახალი მსუბუქი ავტომობილი, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება უნდა იყოს 700 000 ლარამდე.

 

საერთო ჯამში, შინაგან საქამეთა სამინისტროს ახალ ავტომობილებში გადახდილი აქვს 16 793 270 ლარი.

 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შსს–ს ახალმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ის გაყიდიდა იმ ძვირადღირებულ ავტომობილებს, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ შეიძინა და რომლის შენახვაც წელიწადში მილიონზე მეტი ჯდებოდა. შსს–მ 2013 წლის თებერვალში განაცხადა, რომ ძვირადღირებული, ელიტური ავტომანქანები უწყების ბალანსიდან მოიხსნა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *