ნეტგაზეთი | ახალაიას, კალანდაძისა და სხვების სასამართლო გადაიდო ახალაიას, კალანდაძისა და სხვების სასამართლო გადაიდო – Netgazeti

ახალაიას, კალანდაძისა და სხვების სასამართლო გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასასრულს მიუახლოვდა ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და სხვა ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნების საქმის განხილვა. დღეს, 19 ივლისს, პროკურატურას შემაჯამებელი სიტყვა უნდა წაეკითხა, თუმცა პროცესი 23 ივლისისთვის გადაიდო.

პროცესზე უკვე დასრულებულია მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა, დარჩენილია მხოლოდ მხარეთა შემაჯამებელი სიტყვების მოსმენა. დაცვის მხარე თავის შემაჯამებელ სიტყვას 27 ივლისს წაიკითხავს.

 

საქმეში, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო რამდენიმე თვეა განიხილავს, ბრალდებულია 7 პირი: ბაჩანა ახალაია, გიგი კალანდაძე, გაგა მკურნალიძე, ზურაბ შამათავა, მანუჩარ დარასელია, გიორგი კინწურაშვილი და მერაბ კიკაბიძე. საქმის მასალები რამდენიმე ტომისგან შედგება.

 

ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), წამება (114–ე პრიმა მუხლი).

 

აღნიშნულ საქმეში გაერთიანებულია ორი სისხლის სამართლის საქმე: ერთი ეხება თავდაცვის სამინისტროში, ახალაიას

 

კაბინეტში ჯარისკაცებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას(ე.წ. ვაშლის თლის ეპიზოდი), მეორე კი, ერთ–ერთ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამებას. ახალაია და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ჯარისკაცთა ფიზიკური მომზადების პროცესი პროკურატურამ მიზანმიმართულად, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მიიჩნია წამებად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge