ახალი ამბები

რატომ კითხავდნენ ივანიაძეს გამომძიებლები ციხეში შუაღამისას

19 ივლისი, 2013 • • 1321
რატომ კითხავდნენ ივანიაძეს გამომძიებლები ციხეში შუაღამისას

ივანიაძის განცხადებით, გათავისუფლების მიზეზი პროკურატურისათვის მიცემული საჭირო ჩვენება გახდა, რომელიც მას  ზეწოლის შედეგად დააწერინეს. კერძოდ, მას აიძულებდნენ სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ პროკურატურას უფლება აქვს დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაესაუბროს და დაკითხოს ბრალდებული, თუ ამ უკანასკნელის სურვილი არსებობს.

 

“ბრალდებულს მისი ნების გარეშე დასაკითხ ოთახში არავინ არ გაიყვანდა და თუ ეს მოხდა, ეს იქნებოდა მისი თანხმობის შემთხვევაში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

აღნიშნულ საქმეზე ივანიაძის ადვოკატია გელა ნიკოლაიშვილი.

 

“როდესაც გამომძიებლები ივანიაძეს შუაღამისას აკითხავდნენ ციხეში, რა თქმა უნდა, ის მათთან სასაუბროდ ნებაყოფლობით გადიოდა და ბორკილებით არავის არ გაუყვანია. პრობლემა ეს არ არის. პრობლემაა ის, რომ გამომძიებლები მასთან მიდიოდნენ გასასაუბრებლად და არა დასაკითხად, არ შეუდგენიათ დაკითხვის ოქმი, ამ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებულის ადვოკატი. ისინი ივანიაძესთან ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყვნენ შესული. ივანიაძე იმ დროს იყო დათრგუნული, შეშინებული და როგორ გაუწევდა წინააღმდეგობას მათ?” – განუცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა “ნეტგაზეთს”. 

 

 მამუკა ივანიაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე 2013
მამუკა ივანიაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე 2013

მამუკა ივანიაძის ზეწოლასთან დაკავშირებულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და  ჯერ არ დაუსრულებია.

 

2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტომ რვა პირი – შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი – ვაჟა ნახუცრიშვილი, მოადგილეები – მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი – ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორები – ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს.

 

აღნიშნულ პირებს „სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივ გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლაში“ედებათ ბრალი. სასამართლომ 7 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გირაოს სანაცვლოდ აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიური ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე, შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილეები მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე გაათავისუფლეს. 

 

“ტრაქტორების საქმეზე” სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის გამოძიება გრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი