სახალხო დამცველის სპეციალური რეკომენდაციები ეკომიგრანტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხვდა. ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარეობს, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  დევნილთა  და განსახლების მინისტრი ესწრებიან.

 

 უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სპეციალური ანგარიშის მიზანია ხელისუფლების ყურადღება გამახვილდეს აღნიშნულ პრობლემებზე:

 

“საქართველოში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი არის სწორედ ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლი. დღემდე არ არის ეკომიგრანტის დეფინიცია. არანაირი ეროვნული კანონმდებლობა არ არსებობს, რომელიც მათ სტატუსს განსაზღვრავდა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია იმ კონკრეტული დარღვევის ფაქტებზე, რომელთაც ადგილი აქვს. ეს არ არის ინდივიდუალური ფაქტები; საუბარია სისტემურ პრობლემებზე, რომელსაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ეკომიგრანტებთან დაკავშირებით აქვს ადგილი, ამიტომ მნიშვენლოვანია ხელისუფლების მხრიდან ერთიანი კომპლექსური პროგრამის შემუშავება მოხდეს”.

 

ანგარიშში არის კონკრეტული რეკომენდაციები როგორც დევნილთა სამინისტროსადმი, ასევე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისადმი. სახალხო დამცველის თქმით, მისთვის მთავარია, რომ კანონმდებლობა დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მოხდეს დეფინიცია: 

“ეს საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც წლების განმავლობაში ირღვეოდა საქართველოში. ამჟამად იმედი მაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება და საერთაშორისო სტანდარტებს გაუტოლდება”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

“საკანონმდებლო ბაზასთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად არსებობს, თუმცა სამინისტრომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო. პრობლემების მოგვარებისთვის საჭიროა სახელმწიფო თანხების მოძიება” – განაცხადა დავით დარახველიძემ. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *